ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულება დაეკისროთ. პარტიაში განმარტავენ, რომ შემოსული თანხები დევნილებს მოხმარდებათ. სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
„აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას, რომელიც ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე. გადახდის უზრუნველყოფით გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად, ეს შენატანი უნდა გახდეს გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
„ეს ყველაფერი გამოწვეულია მთავრობის უმოქმედობით, „ლელომ“ 6 თვის წინ მიმართა მთავრობას, რომ გაემკაცრებინა სავიზო რეჟიმი. არაფერი არ ჩაეკეტა, არავისთვის არაფერი არ აეკრძალა – არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, არც საქართველოს მოქალაქეების ნათესავებისთვის და საერთოდ არავისთვის, უბრალოდ დაერეგულირებინა ეს საკითხი, შეემცირებინა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის ვადა ერთი წლიდან 30 დღემდე“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არავითარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ეს არის მთავარი პრობლემა. რაც ხდება, ზოგადად, ლარსთან, ამ შემოდინებასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ გაემკაცრებინა სავიზო რეჟიმი“, – თქვა „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ ადრე ქვეყანაში დღის განმავლობაში, სტანდარტულად რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემოდიოდა, ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, ლარსის პუნქტზე დამატებითი ძალები გაიგზავნა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რუსეთიდან საქართველოში ძირითადად ეთნიკურად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩამოდიან.
„თქვენ ნახეთ, რომ შსს ღიად ასაჯაროებს მონაცემებს. სპეკულაციებს აქვს ადგილი, რომ თითქოს შემოსული მოქალაქეების დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია, რაც სიმართლე არ არის, რუსეთიდან შემოსული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არიან და მათ დიდ ნაწილს აქვს ქონება აქ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
დღეს, 28 სექტემბერს პარტია „დროას“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, ჩასულიყვნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო და მოეთხოვათ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილიყო. თუმცა, ისინი პოლიციამ გველეთთან გააჩერა და ადგილზე ჩასვლის უფლება არ მისცა.
ანა ალელიშვილი