მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და რეზერვისტები უკრაინაში საბრძოლველად გაიწვია, რუსეთის დაახლოებით 98000 მოქალაქე ყაზახეთში გადავიდა. როგორც ირკვევა, მათთვის, ვინც საზღვარს ავტომობილით, ფეხით თუ ველოსიპედით კვეთს, ყველაზე პოპულარული მიმართულება საქართველო და ყაზახეთია.
რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეს ნაწილობრივი კი არა, სრული მობილიზაციაა. ქაღალდზე სხვა რამ წერია, პრეზიდენტი კი სხვას ამბობს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ადრე თუ გვიან სრული მობილიზაცია გამოცხადდება და ვერავინ შეძლებს საზღვრის გადაკვეთას.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი აცხადებს, რომ ქვეყანა იზრუნებს მათზე, ვინც მობილიზაციას გაურბის. მისი თქმით, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი უნდა იყოს და ეს მთავარი პრინციპია. იგი ამ თემაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა საერთაშორისო არენაზე.
საზღვრის გადამკვეთთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება უკან არ დააბრუნებს მათ, ვინც მობილიზაციას გაურბის. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პირი ძებნაშია და მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.