ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანევრებს კუნძულ ტაივანის მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს. ზღვისპირა ქალაქებში ტურისტები სანაპიროებთან ჩინური საჰაერო და საზღვაო სამხედრო ხომალდების სანახავად მიდიან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ პეკინის მიერ დაწყებული სამხედრო მანევრები და ჩინური მხარის მიერ იაპონიის ეკონომიკურ ზონაში რაკეტების გაშვება ესკალაციას უწყობს ხელს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ პეკინი ცდილობს, რეგიონში ტაივანთან დაკავშირებული სტატუს-კვო შეიცვალოს. გაორმაგდა რეგიონში ჩინეთის სამხედრო საჰაერო ხომალდების რაოდენობა, მიმდინარეობს ტაივანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, კიბერთავდასხმები“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კი იაპონიაში იმყოფება. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანის იზოლაციაში მოქცევას ვერ შეძლებს.
“როგორც ხედავთ პეკინი მდგომარეობას ართულებს. მათ საბაბად ტაივანში ჩემი ვიზიტი გამოიყენეს. პეკინი ტაივანის იზოლაციაში მოქცევას ლამობს, ტაივანი დაბლოკეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ტაივანის გლობალური გამოწვევებს უგულებელყოფენ და მას პროცესებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ“, – მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
სამხედრო მზადყოფნაში არიან ტაივანის შეიარაღებული ძალები.
კუნძულის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ სამხედრო მანევრების ფარგლებში ათწლეულების განმავლობაში ხელშეუხებელი საზღვრები დაარღვია.