უკვე მეორე დღეა, ტაივანის საჰაერო ძალები ტაივანის სრუტის გარშემო ჩინეთის მიერ სამხედრო შევიწროების საპასუხოდ ჩიაის საჰაერო ბაზაზე საბრძოლო მზადყოფნის წვრთნებს ატარებენ. სწავლება მოიცავს სწრაფი შეიარაღების ჩატვირთვასა და გამანადგურებლების დროულად გაშვებას. ასევე იმიტირებულ სცენარებს, რომლებშიც ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ტაივანის საჰაერო სივრცეს უახლოვდებიან, ან სრუტის შუა ხაზს კვეთენ.
„თუ მტრის ორზე მეტი თვითმფრინავი გამოჩნდება, პირველ რიგში Sparrow-ს ტიპის რაკეტებით ეცდებიან მათ განადგურებას. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავები ახლო მანძილზე მოფრინდებიან, მათთან ბრძოლაში 35 მმ-იანი სწრაფ მსროლელ ქვემეხებს ჩართავენ“, – აცხადებს ლეიტენანტი ჩუანგ ლი-ტე.
ჩიაის საჰაერო ბაზა, რომელიც სარდლობის დაქვემდებარებაშია, პასუხისმგებელია ცენტრალური და სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცისა და ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის სამხრეთ-დასავლეთ სექტორის დაცვაზე.
წვრთნების სცენარის თანახმად, როგორც კი რადარი და შესაბამისი დანაყოფები პოტენციურ საფრთხეს აღმოაჩენენ, საჰაერო ძალების ოპერაციების სარდლობა საგანგებო აფრენის ბრძანებას გასცემს.
„მინდა, ჩვენს ხალხს გავაცნო საჰაერო ძალების რუტინული საბრძოლო წვრთნების შედეგები. ამავდროულად, იცოდეთ, რომ საჰაერო ძალები გაზაფხულის ფესტივალის დღესასწაულზე არ დაისვენებენ. საჰაერო ძალების ყველა ბაზა მზადყოფნაში იქნება. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი საჰაერო სივრცე“, – ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ში შუნ-დე.
საჰაერო და სახმელეთო ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან, ექვს წუთში მოამზადონ თვითმფრინავები, სწრაფად ჩატვირთონ რაკეტები და გაუშვან გამანადგურებლები, რათა არ დაირღვეს ტაივანის საჰაერო სივრცე.
სარდლობის განცხადებით, საჰაერო ძალების ქვედანაყოფი აძლიერებს საბრძოლო მომზადებას, რათა უსაფრთხოების მზარდი რისკების ფონზე საჰაერო ძალების ოპერატიული შესაძლებლობები ეფექტურად გამოიყენოს.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ბოლო წლებში გააძლიერა სამხედრო აქტივობები კუნძულის გარშემო. ჩინეთი ამ ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად აგზავნის თვითმფრინავებსა და საზღვაო ხომალდებს.
ტაივანი უარყოფს პეკინის პრეტენზიებს და აცხადებს, რომ წვრთნები აუცილებელია მზადყოფნის შესანარჩუნებლად და სუვერენიტეტის დასაცავად.


