ტაივანის თავდაცვის სამინისტრო 27-დან 29 იანვრის ჩათვლით საბრძოლო მზადყოფნის სწავლების სერიას ატარებს. წვრთნების საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პოტენციურ საფრთხეებზე სამხედროების სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებაა.
ტაივანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ტაიჩუნში, არმიის ქვედანაყოფებმა ანტისადესანტო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება მიზნად ისახავდა მტრის მოულოდნელი შემოჭრის მოგერიებას და სწრაფი რეაგირების მექანიზმების გამოცდას.
წვრთნის დროს მოხდა მოულოდნელი თავდასხმის სიმულაცია, სადაც აქცენტი რეალურ საბრძოლო პირობებში ერთობლივ ოპერაციებზე გაკეთდა. საჰაერო თავდაცვის ძალების საფარქვეშ, სახმელეთო ქვედანაყოფებმა მტრის იმიტირებული იერიში მოიგერიეს. პროცესში გამოყენებული იყო დრონებით დაზვერვა, სახმელეთო ტექნიკა და საზენიტო-სარაკეტო სისტემები. სწავლებამ გადაამოწმა მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარების კოორდინაცია, სისწრაფე და საბრძოლო ეფექტურობა.
სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ სცენარმა ხაზი გაუსვა არმიის მზარდ შესაძლებლობებს, რაც ახალი სისტემების ფრონტისპირა დანაყოფებში ინტეგრირებით არის განპირობებული.
„დღეს ჩვენ წინაშე მყოფი მტრისგან მომდინარე საფრთხეები აშკარად უფრო სერიოზულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი სამხედრო გაძლიერება და მზადყოფნა; წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაგვიჭირდება. ეს სამხედრო წვრთნები სწორედ ამ იდეას ემსახურება“,- განაცხადა არმიის გენერალ-ლეიტენანტმა ჰუანგ ვენ-ჩიმ.
წვრთნები ასევე მოიცავდა შორ მანძილზე ზუსტი საბრძოლო მხარდაჭერის მისიას HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით.
ტაივანმა ბოლო წლებში სამხედრო წვრთნები განსაკუთრებით გაახშირა ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე. პეკინი თვითმმართველ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დასაკავებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

