საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ წარედგინა ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულის სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ პროცესი სამკურნალო დაწესებულებაშიც ვერ ჩატარდა.
„პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს შეეთავაზა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა როგორც უშუალოდ პროცესზე დასწრების გზით, ასევე დისტანციურად, თუმცა მან პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და მიზეზად მიუთითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, უარი განაცხადა პროცესი ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე. რაც შეეხება მეორე ცნობას – ეს არის კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი ცნობა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში მიზანშეწონილი არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომა უნდა გადაიდოს. შემდეგი სხდომის თარიღად მხარეებს შემოგთავაზებთ 20 სექტემბერს“ – თქვა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა 1-ელ აგვისტოს, ბრალდებული მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ სურს სასამართლო პროცესები მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩატარდეს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სხდომებზე მათი დაცვის ქვეშ მყოფის დასწრება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვიყენებთ ყველა ბერკეტს, ყველა საპროცესო შესაძლებლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ უფლების დაცვის მექანიზმები, რომლებიც კანონით გვაქვს მონიჭებული. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი დადიოდა ყველა პროცესზე, როცა ამისი შესაძლებლობა ჰქონდა. უფრო მეტიც – ჩვენ ვითხოვდით მის მოყვანას ყველა პროცესზე, მაშინაც კი როდესაც პენიტენციური სამსახური უმიზეზოდ ამბობდა უარს მის ბადრაგირებაზე. ახლაც პოზიცია არის იგივე, რომ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი საქმის მოსმენაში“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ორ თვეზე მეტია საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ის სამკურნალო დაწესებულებაში 2022 წლის 22 მაისს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა ამ პერიოდში არ გაუმჯობესებულა და უფრო მეტიც, გართულდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეიცვალა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური გეგმები და აპირებს თუ არა ის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე უარი თქვას, ამაზე საუბარი მის ადვოკატებს ჯერ უჭირთ.
„მე თავს შევიკავებდი ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისგან. არ მაქვს არც ნებართვა მისგან და არც საკმარისი კომპეტენცია, ამ საკითხებზე სასაუბროდ. მე ვფიქრობ, რომ ყველა განცხადებას უნდა მოვეკიდოთ ძალიან დიდი სიფრთხილით იმიტომ, რომ პირველ რიგში ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით, და არც მგონია, რომ მას ახლა იმის თავი ჰქონდეს, რომ ძალიან ბევრი იფიქროს პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენც [ადვოკატები] ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დილემის გადაჭრა მოუწიოს“ – აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მიხეილ სააკაშვილთან „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტები 2 ივნისს შევიდნენ. მათი საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის. „ცენტრ ემპათიის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესში გერმანელი ექსპერტია ჩართული და ელოდებიან ამერიკელი კოლეგების ჩართვასაც. მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერც „ვივამედში“ იღებს და ვერც პენიტენციურ დაწესებულებაში იღებდა.
„რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობის შესაბამისად მართვა ვერ ხდება. გარკვეული პრობლემებია დიაგნოსტიკასთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, დასკვნა ძალიან დეტალურად იქნება მომზადებული, ამ მიმართულებით. რაც შეეხება ინტერდისციპლინურ მიდგომას – ეს დოკუმენტაციითაც არ დასტურდება და არ ხდება ასეთი მიდგომით მკურნალობა-რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ კლინიკა „ვივამედი“ არ არის სპეციალური კლინიკა არც ნევროლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით, არც კვებითი აღდგენითი თერაპიის მიმართულებით. ეს არ არის არავისთვის არც საწყენი და არც დასამალი“ – აცხადებს „ცენტრ ემპათიის“ ხელძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ითხოვს. „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს მოთხოვნა შეასრულოს.
ნანუკა მეშველაშვილი