მთავარისაქართველობიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ბიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მეორე წერილს აქვეყნებს. ვრცელი განცხადების მთავარი თემები ამჯერად ეხება რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს როლს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ბიძინა ივანიშვილი წერილში, მმართველი გუნდის მსგავსად, ამბობს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ და საქართველო ამ საფრთხისგან „ქართულმა ოცნებამ“ გადაარჩინა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ასევე ადასტურებს პარტიიდან წასული სამი დეპუტატის ნათქვამს, რომ რამდენიმე თვის წინ მას კელი დეგნანი შეხვდა.

a„რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – წერია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წერილს არაფორმალური მმართველობის დადასტურებად აფასებენ.

„ამ წერილით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ომის პროპაგანდა, რომ თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ელჩებს, კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ. ეს იყო ოლიგარქიულ რეჟიმში მოხარშული გზავნილი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„ეს არის გაგრძელება უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის. პირდაპირ მტრობაა საქართველოს ინტერესების. მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა ავრცელებს, ახლა ეს ბოლო თვეებია. რასაც ზოგადად წლებია აკეთებს — დემონიზება თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროს პუტინისტური პროპაგანდით, პირდაპირ თუ ირიბად. ახლა, ეს ბოლო თვეებია, გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ

„ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატს და თავად მმართველ პარტიას, წერილთან დაკავშირებით, მსგავსი პოზიციები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს წერილი იმის მტკიცებულებაა, რომ არსებობდნენ ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურდათ.

„ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება“, – განაცხადა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

„ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ. სხვადასხვა მოტივაციით არის ეს განპირობებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის წერილში არაფერია ნათქვამი ევროკომისიის რეკომენდაციებზე, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სა და ევროკავშირთან, არ დაზიანდეს.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend