აქცია “შინ ევროპისკენ”, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტის გამო მთავრობის სხდომა, რომლის დაწყებასაც შეკრებილები ელოდნენ, ვერ შედგა.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ მთავრობის სხდომა კომფორტულად არ ჩაეტარებინათ. მთავრობამ ვერ მოახერხა, რომ 11 საათზე შემდგარიყო მთავრობის სხდომა, ამიტომ ეს მიზანი მიღწეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლურია და პროტესტი უნდა გაგრძელდეს, არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებში”, – ამბობს მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორი გიორგი მჟავანაძე.
„ჩვენი პროტესტი მართალი და მტკიცეა. ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ საათზე იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი იხმაურებს და მათ ხმას გაიგებს ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას და მით უფრო სწრაფად დაიწყება ჩვენი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება“, – მიიჩნევს მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი.
გასულ ღამეს აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქტივისტების თქმით, მათი მიზანი იყო მთავრობის სხდომის დროს პროტესტის ხმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიეწვდინათ. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მობილიზებული იყო პოლიცია.
დილით დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლეს და ხმაურით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს. სამართალდამცველებმა მათ მოუწოდეს ეზოს ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.
„თუკი მოვლენ დასაკავებლად? არ გაუწიოთ წინააღმდეგობა, მაქსიმალურად ითანამშრომლეთ პოლიციასთან, ეს ადამიანებიც გარემოების მსხვერპლნი არიან. მათ ხელფასი არ გაზრდიათ რამდენიმე წელია და მათ ჩვენთან მეტი საერთო აქვთ ვიდრე ოლიგარქთან“, – მიმართა აქციის მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მოუწიათ კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დაბრუნებულიყვნენ.
აქციას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპონენტების გეგმის ჩავარდნა უწოდა.
„გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“ შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
აქცია „შინ ევროპისკენ“ 3 ივლისის საღამოს საქართველოს პარლამენტთან დაიწყო.
თბილისში ეს რიგით მესამე აქცია იყო სახელწოდებით შინ ევროპისკენ. მეორე აქციაზე მათ საზოგადოებას მოთხოვნები გააცნეს – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომა და ასევე ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს.
აქტივისტებმა აქციის დასრულებისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, ისინი ამბობენ, რომ ჯერ თავს იკავებენ მომდევნო აქციის კონკრეტული თარიღი დაასახელონ, თუმცა მათი პროტესტი გაგრძელდება.