მთავარისაქართველომმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს დაძლევას გეგმავს

მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს დაძლევას გეგმავს

მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს დაძლევას აპირებს. ე.წ. „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი სამი მოსმენით, პრეზიდენტმა ვეტო 22 ივნისს დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი არგუმენტები ვეტოს შესახებ საკმარისი არ არის, ამიტომ ამბობენ, რომ პარტია ვეტოს დაძლევის შესახებ მსჯელობს.

„ვეტო, როგორც ასეთი, საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი სიტყვა გამოყენებული არ არის. გამოყენებულია მოტივირებული შენიშვნები. მოტივირებული შენიშვნა შეიძლება, იყოს არგუმენტი, რომლის გამოც, ამ შემთხვევაში, რაღაც სამართლებრივი წინააღმდეგობა იარსებებდა, მაგალითად, მიღებულ კანონთან დაკავშირებით. ასეთი არგუმენტი პრეზიდენტის მხრიდან, სამწუხაროდ, წარმოდგენილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტში, რომელსაც მე გავეცანი, იქ წარმოდგენილი რაიმე ისეთი არგუმენტაცია, რომელ არგუმენტზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა ამ კანონის, მაგალითად, რომელიმე სტანდარტთან შეუსაბამობაზე და ა.შ. ასეთი ვერ ამოვიკითხე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

სადავო კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ფარული მოსმენების ვადა 6-დან 9 თვემდე იზრდება, 100 დანაშაულზე კი უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს. მოსმენების შესახებ კანონპროექტი არაერთხელ გააკრიტიკეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საკანონმდებლო ცვლილებები არც საპარლამენტო ოპოზიციას მოსწონს.  ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მმართველი გუნდისგან კიდევ ერთი ანტიევროპული ნაბიჯი იქნება.

„რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, ვეტოს დაძლევა მმართველი გუნდისგან იქნება კიდევ ერთი ძალიან ღია, ანტიევროპული ნაბიჯი. რადგან ევროკავშირმა ძალიან ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

„რა თქმა უნდა, არ მივიღებთ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგები. გასაგებია, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენი ხმა, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიონ ხოლმე, მაგრამ აქ არის იმაზე საუბარი და კარგია, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ გაფაციცდება და წლის ბოლომდე, ვიდრე ჩვენი ევროპული ბედი გაირკვევა, მანამდე ერთგვარად პოლიტიკურ ფორმაში ამყოფებს ვეტოს დადებით „ქართულ ოცნებას“. ვეტო ამ რეალობაში არის ინსტრუმენტი, რომელზეც უფრო მეტი მსჯელობა იქნება, მეტი დისკუსია და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს უფრო მეტი სიფრთხილით რაღაც საკითხების გატანა“, – თქვა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის იმსჯელებს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე ვეტოს უფლებას კიდევ არაერთხელ გამოიყენებს, იმ შეთხვევაში, თუკი რომელიმე კანონპროექტი ევროკომისიის რეკომენდაციებს შეეწინააღმდეგება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend