მთავარისაქართველო„შინ ევროპისკენ“ - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები 20 ივნისის აქციას

„შინ ევროპისკენ“ – როგორ აფასებენ პოლიტიკოსები 20 ივნისის აქციას

„ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად გამოხატა არჩევანი ევროპული მომავლისკენ“, – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გუშინ, 20 ივნისს გამართულ აქციას. მისი შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სამუშაო აქვს იმისათვის, რომ წლის ბოლოს გადაწყვეტილება გადაიხედოს.

„რაც გუშინ ვნახეთ, იყო ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომელთა სურვილი იყო, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა. ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა თანხმობა ევროპული კომისიისგან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი – გახდეს ევროკავშირის წევრი. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება, რომ დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია. ეს არის ძლიერი გზავნილები. ამასთან, საქართველოს შესახებ დასკვნა, შედარებით ნაკლებ კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე – უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, რაც ხაზს უსვამს მტკიცე ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ მისწრაფების დემონსტრირება მოხდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს.

„ქართველმა ხალხმა ევროპას აჩვენა, რომ ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციას იმსახურებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

„ეს იყო საერთო, ეროვნული, ფაქტობრივად, მშვიდობიანი მანიფესტი და მთელი მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ საქართველო ვერასდროს და არასდროს ასცდება ევროპული ინტეგრაციის გზას“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად 20 ივნისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს და მასზე ხელმოწერები დატოვეს. იქ მისულები ამბობდნენ, რომ არავის მისცემენ უფლებას, წინ გადაეღობოს ქართველი ხალხის არჩევანს – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ისინი ასევე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს მიმართულებით გასცა. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ 20 ივნისს ქუჩაში მათი მხარდამჭერებიც მრავლად იყვნენ.

„მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. მაგრამ, ალბათ, ყველაზე საყურადღებო დღეს არის ის გზავნილი, რაც ევროკომისიისგან მივიღეთ. პირველი გზავნილი შეეხება დეპოლარიზაციას, საქართველოში პოლიტიკური სივრცის დაწყნარებას, რასაც ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ისეთი მოწოდებები, როგორიცაა ხელისუფლების დამხობა და შეცვლა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს“, – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.

სამომავლო გეგმები კი უკვე ცნობილია. 24 ივნისს კვლავ შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.

სწორედ მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

24 ივნისს ასევე ახალი მოძრაობა შეიქმნება, რომელიც ხელისუფლებას თავის მოთხოვნებს წაუყენებს.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend