საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ორი აქცია ჩატარდება – 16 ივნისს და 20 ივნისს. 20 ივნისის აქცია გზავნილით – „შინ ევროპისკენ“, მოძრაობა „სირცხვილიამ“ დაახლოებით ერთი კვირის წინ დააანონსა და მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამ აქციაში მონაწილეობს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი.
16 ივნისის აქციის იდეა კი საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ აქციაზე არ იქნება არც სიტყვით გამოსვლები და არც პოლიტიკური განცხადებები. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ევროპამ ქართველი ხალხის ნება დაინახოს.
20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ამ იდეას არ ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ ევროპის მოედანზე მისვლასაც გეგმავენ, თუმცა თავადაც სურთ პრეზიდენტის ხილვა 20 ივნისს, პარლამენტთან.
„მე ვისურვებდი, რომ ორჯერ, ან თუნდაც მრავალჯერ კარგად აღვნიშნოთ ევროპასთან ინტეგრაცია, თუმცა რთული წარმოადგენია ეს განსახორციელებლად. საპასუხოდ, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ითამაშოს მაკონსოლიდირებელი როლი, მიიღოს ჩვენი მოწვევა 20 ივნისის აქციაზე და მობრძანდეს პარლამენტთან. ჩვენი აქცია სამოქალაქო სექტორის მიერ არის ორგანიზებული. სპიკერები არ გვეყოლება, ძირითადად იქნება გარკვეული გზავნილები საერთაშორისო ცნობადობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისგან. პოლიტიკოსები სპიკერთა სიაში არ იქნებიან“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი.
ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველა აქციაზე მისვლის მომხრეა საქართველოს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში საქართველოს მოქალაქეებმა ახლა საკუთარი ნება ყველგან უნდა გამოხატონ.
„ჩვენ ყველგან უნდა მივიდეთ, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით. არ უნდა დავიღალოთ, იქნება ეს 2, 3 თუ 4 აქცია. ასევე, ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავანახოთ ხალხის მოთხოვნები იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ევროპასთან დაგვაახლოებს“, – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ორ აქციაზე დასწრების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ნაწილი ორივე შეკრებას უერთდება, ნაწილს კი მხოლოდ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან, სურს მისვლა.
„16-ში ნამდვილად არ ვაპირებ აქციაზე წასვლას. რა თქმა უნდა, შევუერთდები იმ პროტესტს, რომელიც არის პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქეების გამოძახილი. დარწმუნებული ვარ, 20-ში აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება“, – ამბობს გიორგი ბოტკოველი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ გარკვეული გავლენა მოვახდინოთ ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, მაშინ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ 17 ივნისამდე (17 ივნისს ევროკომისია საქართველოს მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარის შესახებ მოსაზრებას, ე.წ. opinion-ს წარადგენს). მანამდე არის 16, სხვა დღე აღარ დარჩა. შემდეგ 20-შიც შევიკრიბოთ, 25-შიც. მე ისედაც ვაპირებდი 20-ში ჩემს გუნდთან ერთად აქციაზე წასვლას“, – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
მმართველ პარტიაში არც პრეზიდენტის ინიციატივა მოსწონთ და არც სამოქალაქო სექტორის. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არცერთ აქციას არ უერთდება.
„ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან. როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან. ისინი თავადვე ამხილა სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში, რის შემდეგაც ეს მოწოდება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპებით საქართველოს, უკრაინისა, მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მიიღონ ყველა ზომა, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქციის მსვლელობისას, ნებისმიერ ექსცესზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლება იქნება.
ნანუკა მეშველაშვილი