საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და საქართველო სწორედ დამსახურებულ სტატუსს ითხოვს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე 30-წლიანი ბრძოლითა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით დაიმსახურა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომით არ უნდა განისაზღვროს ევროკავშირის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.
„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ – უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 13 ივნისს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ბევრი ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს მთავრობის პასუხისმგებლობა არ იქნება, რადგან საქართველოს მთავრობამ ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არცერთი ქვეყანა არ არის იდეალური, მათ შორის არც ევროპული სახელმწიფოები.
„მოლდოვასა და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით, ყველა მიმართულებით, აღარ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის. რაც მთავარია, ეს იცის ყველა ევროპელმა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს ლაპარაკი აღმოსავლეთპარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და არა მხოლოდ. ვუსწრებთ ევროპულ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი ვიცით, მაშინ რა განცდაზეა საუბარი? ამბობენ, რომ ისეთი განცდაა, თითქოს საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ეს სრული აბსურდია“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. რეზოლუცია, კი რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში მიიღეს, იყო სამარცხვინო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით გამოწვეულ საფრთხეზეც ისაუბრა.
„ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი აი, იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. და ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას. მე გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყების შემდეგ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ თითქმის ყველამ, ამერიკის ლიდერით დაწყებული ევროპელი ლიდერებით დამთავრებული, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს ცოტა მოგვიანებით. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან და არც პროგნოზებთან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც, მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, იზრდება და ლარი, რომელიც, მათივე თქმით, გამყარებას განაგრძობს.
ანანო ღუდუშაური