ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და პირიქით, მმართველი პარტია ოპონენტებს – ვის უფრო უნდა, ან არ უნდა საქართველომ ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროკავშირს ქართული პოლიტიკისგან ასეთი გზავნილი აქვს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მათგან დამოუკიდებლად, ევროპამ ისედაც კარგად იცის ქართული რეალობა და მმართველი პარტიის ბრალდებები, ოპოზიციის მხრიდან ხელშეშლასთან დაკავშირებით აბსურდულია.
“ვერავინ გავლენას ვერ მოახდენს ევროპელი ლიდერების აზრზე. მორატორიუმი გვაქვს და არ ვსაუბრობთ იმ ნაკლოვანებებზე, თუ რატომ შეიძლება ქვეყანას უარი უთხრან ევროპაში ინტეგრაციაზე, ასევე არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თითქოს ვინმე ხელს უშლის ევროპაში ინტეგრაციის პროცესს. ვინც არ უნდა ჩავიდეს, ევროპელებმა ჩვენზე უკეთ იციან, როგორი სასამართლო სისტემა გვაქვს, როგორ არის დაკავებული გვარამია და სააკაშვილი და რა მოტივებით. ისინი იღებენ სრულფასოვან ინფორმაციას და ვერავინ გავლენას ვერ მოახდენს ევროპელი ლიდერების აზრზე. თუ ასე ადვილია ევროპელ ლიდერებზე გავლენის მოხდენა, “ქართული ოცნება” არის „სოციალ-დემოკრატების“ წევრი ევროპარლამენტში, მათაც შეკრიბონ თავიანთი მეგობარი პარტია და გამოიტანონ საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ასეთი რამ არ გაუკეთებიათ, რადგან ვერ მოახდენ მათზე გავლენას ვერც ნეგატიური და ვერც პოზიტიური კუთხით”, – განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია „ლელოს“ ოფისში დღეს, 1 ივნისს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს. შემდეგ კი თქვეს, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ, რათა „ქართული ოცნება“ აიძულონ დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. ამ პროცესში კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება.
„ლელოს“ ლიდერები ფიქრობენ, რომ ახლა მხოლოდ ეს დაეხმარება საქართველოს მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან თავის დაღწევასა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
„ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა.
შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე; 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ; შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში; ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რიტორიკა უცვლელია მმართველ პარტიაშიც. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მთავარი დაბრკოლება ოპოზიციისგან მოდის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
„ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იმ დროს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წინასწარი მოლოდინით, ევროკავშირი გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს გვამცნობს. რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება, ეს ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკური საჭის ფლობის ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული.
ალეკო გვეტაძე