მთავარი საქართველო აღარ უნდა დავუშვათ ქალების სასტიკი მკვლელობა - სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღეს

აღარ უნდა დავუშვათ ქალების სასტიკი მკვლელობა – სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღეს

დღეს 31 მაისია – პოლიციელის დღე. როგორც წესი, ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტები პოლიციელის ფიცს დებენ, რომ დაიცავენ საქართველოს და ემსახურებიან საზოგადოებას.

დღეს ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

პოლიციელებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა. მათ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს.

„ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგვიცვამს პოლიციელის ფორმა, გვიტარებია პოლიციელის მუნდირი, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია. ვიცით, რა სირთულეები ახლავს თან დანაშაულთან ბრძოლას, ვიცით, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს და ვიცით ფასი ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, კრიმინალთან ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ყველაზე საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი. დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია“, – აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

„ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ქალთა უფლებებსა და ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა.

„სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი, ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, მომღერლებმა სპეციალურად „პოლიციელის დღე 2022-ისთვის“ დაწერილი სიმღერა, „ვემსახურები საქართველოს“ შეასრულეს.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend