უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირს მისი ხელისუფლების დამხობა სურს. ორბანის მტკიცებით, ბრიუსელი ცდილობს უნგრეთის სათავეში მარიონეტული რეჟიმი ჩააყენოს.
ბუდაპეშტში ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ბრიუსელის ამ ნებას ისევე უნდა შეეწინააღმდეგოს, როგორც 1856 წელს საბჭოთა რეპრესიებს შეეწინააღმდეგა. მან თქვა ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირი გეგმავს უკრაინელი ჯარისკაცები „მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის“ უნგრეთში განალაგოს. ორბანის განცხადებას არ გამოხმაურებია ბრიუსელი. ევროკავშირმა უნგრეთს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო მილიარდობით ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება შეუჩერა. ევროპარლამენტმა 2022 წელს განაცხადა, რომ უნგრეთი აღარ შეიძლება დემოკრატიად ჩაითვალოს.
„ევროპის ლიდერებმა, ბრიუსელის ბიუროკრატებმა, დასავლეთო უიმედო ომამდე მიიყვანეს. გამარჯვების იმედით თავბრუდახვეულებისთვის, ეს არის დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მათ უნდა მოიგონ – მტერი უნდა დააჩოქონ და ამისგან რაც შეიძლება მეტი მიიღონ. ახლა მათ სურთ, ღიად უბიძგონ მთელს ევროკავშირის, ჩაერთოს უკრაინის ომში.
გამარჯვების გეგმის არსი ომის გაფართოებაა. გეგმაში ნათქვამია, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს ნატოს მოწვევას და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. გეგმის მეორე ნაწილი ისაა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე გამარჯვების შემდეგ უკრაინა დათანხმდება ჩაანაცვლოს ამერიკელები საკუთარი გაძლიერებული არმიით, რათა უზრუნველყოს მთელი ევროპის უსაფრთხოება.
ჩვენ, უნგრელები ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ სლავი ჯარისკაცები ისევ განლაგდებიან უნგრეთის ტერიტორიაზე. ეს არ გვინდა, მაგრამ ბრიუსელის ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება.
ბრიუსელში განაცხადეს, რომ უნგრეთის მთავრობას მოიშორებენ. ამასთან, გამოაცხადეს ისიც, რომ სურთ ქვეყანას მარიონეტული მთავრობა მოახვიონ თავს. და კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა. ვემორჩილებით უცხოურ, ამჯერად ბრიუსელის ნებას, თუ ვეწინააღმდეგებით მას? მე გთავაზობთ, რომ ჩვენი პასუხი იყოს ისეთივე ცალსახა, როგორც ეს 1956 წელს იყო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.