23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერები, დასკვნითი საარჩევნო ღონისძიების ფარგლებში, ამომრჩეველს მიმართავენ.
ამ დღისთვის დედაქალაქში მმართველი პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით ჩამოიყვანეს. მხარდამჭერთა მობილიზების გამო, სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასა და საარჩევნო დარღვევებში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის თქმით, თავისუფლების მოედანზე გასამართი აქციისთვის ხელისუფლებას საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ სწორედ საჯარო მოხელეები არიან „სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი“. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჟამინდელ მოცემულობას წინა ხელისუფლების დროინდელ „პარტაქტივის მობილიზებას“ ადარებს.
მსგავსი პოზიცია აქვთ კოალიციაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, სადაც აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი დღე ქვეყნისთვის, ამიტომ „მოქალაქეთა დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ღონისძიებებისთვის გამოყენება სულ რამდენიმე დღეში დასრულდება“.
ოპონენტების შეფასებებს პასუხობს პარტიული ღონისძიების ინიციატორი. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არამხოლოდ თავისუფლების მოედანზე დგომა, არამედ 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზეა საჭირო მაქსიმალური მობილიზაცია. მმართველი გუნდის ლიდერები ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, ამ „სახალხო შეკრებით წყდება ქვეყნის მომავლისა და მშვიდობის საკითხი“.