კვამლში გახვეული კომერციული თვითმფრინავების კადრები ვირუსულად გავრცელდა. მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროები „ჰეზბოლას“ განადგურების მიზნით ლიბანის დედაქალაქს ბომბავენ, Middle East Airlines ერთადერთი ავიახაზია, რომელიც ბეირუთის თავზე დაფრინავს.
2006 წლის კონფლიქტისგან განსხვავებით, როდესაც „ჰეზბოლასთან” ბრძოლისას ისრაელმა საჰაერო იერიში ბეირუთის აეროპორტზეც მიიტანა, ახლა მიმდინარე კონფლიქტში აეროპორტი ისრაელის სამიზნე არ გამხდარა.

ავიახაზების მრჩევლის კაპიტან მუჰამედ აზიზის თქმით, კომპანიას აქვს გარანტიები, რომ ისრაელი თვითმფრინავებსა და აეროპორტს არ დააზიანებს, თუ ისინი მხოლოდ მოქალაქეების გადაყვანის მიზნით, შეასრულებენ ფრენებს. ავიაკომპანია ყოველდღიურად ამოწმებს ვითარებას, რამდენად უსაფრთხოა იმ დღეს ფრენა.
„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორთან. უწყვეტად ვთანამშრომლობთ ლიბანის მთავრობასთან. ავიაკომპანიის თავმჯდომარე ყოველდღიურად განიხილავს საკითხს პრემიერ-მინისტრთან. ასევე ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს აეროპორტის უსაფრთხოების ძალებთან. ეს ყველაფერი გვეხმარება შევაფასოთ არსებული რისკები. რამდენიმე თვითმფრინავი და რეისი შევაჩერეთ, რათა რისკები მინიმუმამდე დაგვეყვანა“, – ამბობს კაპიტანი მუჰამედ აზიზი.

მას შემდეგ, რაც რეგიონსა და ლიბანში კონფლიქტი გამწვავდა, ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ბევრმა საელჩომ დამატებითი კომერციული ფრენები მოითხოვა. კონფლიქტის დასრულებამდე ლიბანის მოსახლეობა კი ახლომდებარე ქვეყნებში, თურქეთსა და კვიპროსში გადასვლას ცდილობს. MEA ყოველდღე 32-იდან 40-ამდე რეისს ასრულებს, რაც, ზოგად მაჩვენებელს დიდად არ ჩამოუვარდება. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ახლა ბეირუთიდან მიმავალი თვითმფრინავები სავსეა, უკანა რეისებზე კი სამი მეოთხედით ცარიელია. კაპიტანი აზიზი ამბობს, რომ ხშირად ბომბები ასაფრენ ბილიკთან ახლოს ფეთქდება.
„იმ სურათებზე, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა, აფეთქება აეროპორტის აღმოსავლეთ მხარეს, დაახლოებით ერთი ან ორი კილომეტრის მოშორებით იყო. ამ დროს თვითმფრინავი აეროპორტის დასავლეთ მხარეს ეშვება ხოლმე. თუ ამ ტერიტორიის აღმოსავლეთით, გორაზე ან მთაზე იმყოფებით, გამოჩნდება ძლიერი კვამლი, საიდანაც თვითმფრინავსაც დაინახავთ. ამ მომენტში თუ სურათს გადაიღებთ, ისე გამოჩნდება, რომ თვითმფრინავი კვამლშია გახვეული. თუმცა სინამდვილეში ის კვამლიდან მინიმუმ ექვსი, შვიდი კილომეტრის მოშორებით მოფრინავს“, – ამბობს კაპიტანი მუჰამედ აზიზი.
საფრთხეების მიუხედავად, ავიახაზები ფრენების შეჩერებას არ აპირებს. როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, მოსახლეობისთვის სხვა ქვეყნებთან კავშირის შენარჩუნება ერთგვარი ნუგეში და იმედის ნაპერწკალია.