თბილისში ევროკავშირის მხარდაჭერითა და „თავისუფლების ინსტიტუტის” ორგანიზებით უსაფრთხოების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართა.
„თავისუფლების ინსტიტუტმა“ პოლიტიკურ პარტიებს რეფორმის კონცეფცია წარუდგინა. თავის მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.
კონფერენციის მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, აღნიშნეს, რომ სუს-ის რეფორმირება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება აუცილებელია და ამისთვის კანონმდებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.
აღნიშნეს ისიც, რომ დღეს სუსი არათუ სახელმწიფო უსაფრთხოებას ემსახურება, არამედ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს.
„სუსი გავლენას ახდენს ქვეყნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და თითოეულ მოქალაქეზე, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად იქნება დაცული ჩვენი უფლებები. ამიტომ, როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ, დრო უნდა დაეთმოს ალტერნატივაზე მსჯელობას. თუ არ მოგვწონს დღევანდელი სუსი, მაშინ რა არის გამოსავალი? როგორ უნდა შევცვალოთ ის? ხშირად, როცა შინაარსზე დისკუსია არ არსებობს, მოქალაქე პოლიტიკურ პროცესში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს“, – ამბობს „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.
„ივანიშვილის ხელში სუსი რომ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტადაა გადაქცეული, არის ის, რაც ერთპარტიული მმართველობისა და არასათანადო საპარლამენტო კონტროლის პირობებში ხდება. სუსის გაუქმება არის მიუღებელი, თუმცა მისი რეფორმირება, ისევე, როგორც პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება და ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, მნიშვნელოვანია. სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანნი ცვლილებებია შესატანი“, – ამბობს თეონა აქუბარდია, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.
„უპირველეს ყოვლისა, სუსს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია უნდა ჩამოშორდეს. სუსი დღეს ქვეყნის ინტერესების გატარების ნაცვლად ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ემსახურება და პოლიტიკური დევნითაა დაკავებული“ – ამბობს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე.
„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მწარე გამოცდილება არა მხოლოდ ამ, არამედ ყველა წინა ხელისუფლების დროს, როცა უშიშროების და უსაფრთხოების ორგანოები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურში არიან და თავად წარმოადგენენ საფრთხეს საკუთარი მოქალაქეებისთვის. ჩვენი პარტია დიდი ხანია ამაზე საუბრობს და ძალიან გვიხარია, რომ ეს თემა პრეზიდენტის ქარტიის ნაწილი გახდა“, – ამბობს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.