ბუნებრივი აირის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო „გაზპრომი“ ემზადება, ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს. კომპანია „გაზტერას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუბლით ანგარიშსწორება შეიცავს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკს. ბუნებრივი აირის შეწყვეტა დღეს, 31 მაისს იგეგმება.
დანიური კომპანია „ორსტედიც“ მსგავს ვითარებაშია. გაზის საფასურის რუბლით გადახდის ვადა დღეს იწურება. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ანგარიშსწორება ევროთი გაგრძელდება.
„გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, დანია სწორედ რუსეთისგან იღებს ბუნებრივი აირის უმეტეს ნაწილს.
თუკი მოსკოვი შეასრულებს თავის მუქარას, დანია და ნიდერლანდები შეუერთდებიან პოლონეთს, ბულგარეთსა და ფინეთს.
ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც რუსეთმა უკვე შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება. უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, არამეგობრული ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა მხოლოდ რუსული რუბლითაა შესაძლებელი.
კრემლი დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს, რომ ისინი ფინანსურ სისტემებს ერთგვარ იარაღად იყენებენ.