მთავარისაქართველოქალების ციფრული დაცვა

ქალების ციფრული დაცვა

მეგობარი, პოლიცია, იურისტი, ფსიქოლოგი… ძირითადად ამ ადამიანებს მიმართავენ ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, მაგრამ ეს ხშირად სულაც არ არის საკმარისი.

გზა ბევრი შეიძლება იყოს, და ერთ-ერთია აპლიკაცია SAFE YOU.  ეს ციფრული პლატფორმა ქალებს რჩევებით დაეხმარება როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკმარისია, აპლიკაციის SOS ღილაკზე თითის დაჭერა, რომ 10 წუთის განმავლობაში ყველაფერი იწერება, რაც  ირგვლივ ისმის. ამ დროს ყველაზე გარკვევით ისმის მოძალადის საუბარი და ქმედების ხმა.

ორგანიზაცია „საფარის” იურისტის ცირა ჯგერენაირას ცნობით, აპლიკაციას უკვე 22 ათასზე მეტი მომხმარებელი  ჰყავს.  “იყო შემთხვევა, როდესაც ქალმა აპლიკაციით გამოიძახა პოლიცია, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც მას თავის დაესხა მოძალადე. მან მოასწრო განგაშის სიგნალზე თითის დაჭერა, შესაბამისად, ადგილზე გამოცხადდა პოლიცია, მოძალადე დააკავეს. ქალს მონიშნული ჰქონდა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია. „საფარი“ პირველივე წუთიდან ჩაერთო საქმეში და შესაბამისად მან მიიღო სამართლებრივი დახმარებაც”, – აღნიშნავს ცირა ჯგერენაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის მარტის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს შორის 553 ქალი იყო და 94 მამაკაცი. იურისტების თქმით, ქალები რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის იწყებენ ბრძოლას უდიდესი წნეხის ქვეშ არიან. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ქალმა იცოდეს, რომ პოლიცია დამამტკიცებელი ფაქტების გარეშეც არის ვალდებული  გამოძიება დაიწყოს.

„არცერთ შემთხვევაში, არც კანონმდებლობით, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო კანონმდებლობით – არ არსებობს, პრაქტიკა, რომ მტკიცებულების ტვირთი გადაიტანო მსხვერპლზე. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მან იმუშაოს მტკიცებულებების შეგროვებაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად, ამიტომ მსხვერპლებმა – ქალებმა, ბავშვებმა, ვისაც ძალადობის გამოცდილება აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ თუ პოლიცია მათ უარს ეტყვის მოსთხოვს მტკიცებულებების წარდგენას, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელი არღვევს თავის ვალდებულებას“, – აღნიშნავს იურისტი.

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას  საქართველოში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი არეგულირებს. თუმცა ამჟამად უფლებადამცველთა შორის მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა არსებობდეს თუ არა საგანგებო მუხლი ფემიციდის შემთხვევებისთვის.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend