მთავარისაქართველოსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი იმყოფება

დღეს, 2 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის თქმით,  ჩეხეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს უჭერს. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს.

„ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სენატის პრეზიდენტმა კი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ახლა პრიორიტეტული უნდა იყოს.

“ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. ჩეხეთის რესპუბლიკა მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპები ირღვევა.  მკაფიოდ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და დავაფასებთ, თუ სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, დაგვეხმარებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სუსტი იყო ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, ახლა ერთიანობის დრო დადგა.

ევროკავშირში მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიდის დემოკრატიზაციის და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უკრაინაში რუსული ჯარის შეჩერებისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას. უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ვაფასებ იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდის”, – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა.

მილოშ ვისტრჩილიმ შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთანაც გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრისას საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ ისაუბრეს და ასევე განიხილეს მესამე პრეზიდენტის საქმეც.

“ჩეხეთის დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენ წამოვჭერით ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობა, ოლიგარქია, რომელიც დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმდება. მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, რომ ისინი ჩაერთონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებულ გამოსავლის ძებნაში და ხელისუფლებასთან აზრების გაზიარებაში. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უკრაინაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და საქართველოში მათი ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

“ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრიდან ნომერ პირველი კარგი ამბავი ის არის, რომ ჩეხეთი კიდევ უფრო მონდომებულია, რომ საქართველოს დაუჭიროს მხარი როგორც ევროკავშირის, ისე ნატოში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, დელეგაციაში არიან ბიზნესის, მეცნიერებათა აკადემიის და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები ანუ ჩეხეთს საქართველოსთან გაცილებით მეტი და ღრმა კოოპერაცია სურს”, – აღნიშნა პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მილოშ ვისტრჩილის ვიზიტი საქართველოში 1 მაისს დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend