დღეს, 2 მაისს ევროკავშირის კითხვარის შევსებული ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს გადასცა. ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა.
“მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
კარლ ჰარცელის თქმით, მისთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზებული არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსებასა და ევროკავშირის ელჩისთვის გადაცემას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გამოეხმაურნენ.
„მოგეხსენებათ, ეს არის გრძელი და მნიშვნელოვანი გზა. შარშან, შარლ მიშელის დოკუმენტის დახევისა და გადაგდების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ შვებით ამოისუნთქა და აი, ეს განაცხადი და კითხვარი არის „ქართული ოცნების“ უკან დაბრუნება ევროპულ სტრუქტურებთან ანგარიშვალდებულების ნაწილში. ეს ქვეყანამ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, პარტია „ლელოს“ წევრმა.
„ფორმალური ეტაპის შემდეგ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ეტაპი, ისევე როგორც რეფორმების გატარების ეტაპი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ესმოდეს, რომ მათ არავინ აპატიებს ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის ჩაგდებას რეფორმების გაუტარებლობის შემთხვევაში. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის ისტორიული საკითხი და ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანი დღის წესრიგის წინაშე დგას დღეს საქართველო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას აგრძელებენ.
„განაგრძობს მთავრობა მუშაობას კითხვართან დაკავშირებით. ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია იქნება სათანადოდ დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.
კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან შედგება და დაახლოებით 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ის დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
ანანო ღუდუშაური