მთავარისაქართველოროდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია?

როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია?

როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს შეკითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება მუტაციებს. იქ ფიქრობენ, რომ აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ ველოდებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულებას გამოაცხადებს. ეს მოლოდინი რეალურია, ამის უკან დგას ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოშიც ეპიდვითარების სტაბილური გაუმჯობესება გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება. პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მაღალი რისკი, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდეს. ჯანმო მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრია ის ქვეყანა, სადაც იმუნიზაციის მაჩვენებელი და მუტაციის განვითარების ალბათობა მაღალია“, – განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გლობალურად, რომ უმჯობესდება, ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მყარი, როგორიც წინამორბედი შტამების დროს იყო.

„გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა, პანდემიის დასრულებამდე მაინც შორია. მსოფლიოში დღიური მაჩვენებელი ნახევარ მილიონამდეა. ასევე, არის რეგიონები, სადაც ჯერ კიდევ აღინიშნება ეპიდვითარების გაუარესება, ძირითადად ეპიდვითარების გაუარესება „ომიკრონზე“ და მის ქვეშტამებთანაა დაკავშირებული. როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყოველთვის არის იმის რისკები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდეს. მით უმეტეს, ეს რისკები ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არაა. მე მაინც, ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას გავუსვამდი“, – აღნიშნა ექიმმა-ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

მედიკოსები კვლავ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყოველთვის არის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკები. მათივე შეფასებით, ეს რისკები ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend