მთავარისაქართველო„იქ თუ არ მოვიგე, აქ შანსი არ მაქვს“ - რატი ბურდული

„იქ თუ არ მოვიგე, აქ შანსი არ მაქვს“ – რატი ბურდული

„ევრონიუს ჯორჯია“ აგრძელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების ამბების მოყოლას. ამჯერად, ჩვენი რეპორტაჟის გმირი 27 წლის რატი ბურდულია (მეტსახელად ოდინიჩი). ის თითქმის ორი თვე იბრძოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ლეგიონის სპეციალურ მოიერიშე ქვედანაყოფში და განსაკუთრებით რთულ ოპერაციებში მონაწილეობდა. ამისთვის უკრაინამ ის სამხედრო დაზვერვის მედლით დააჯილდოვა. ახლა რატი დროებით საქართველოშია ჩამოსული, თუმცა ომში წასვლას ისევ აპირებს.

რატი უკრაინაში პოლონეთის გავლით ჩავიდა. ის პროფესიონალი სამხედროა, შესაბამისად სამხედრო ბაზიდან სპეციალურ ქვედანაყოფში გაანაწილეს.

„პოლონეთში ჩავედი, უკრაინის საელჩოს კარზე მივუკაკუნე და ვუთხარი, ქართველი მოვედი, ომში წასვლა მინდა-მეთქი. მომცეს იმათი უშიშროების წარმომადგენლის ნომერი, რომელმაც დამაკვალიანა. გამომიგზავნა ინსტრუქცია, როგორ მივსულიყავი კონკრეტულ მისამართზე, შემდეგ კი უშუალოდ სამხედრო ბაზაზე წამიყვანეს. მაქვს სამხედრო გამოცდილება, ვარ ძალიან კარგი მსროლელი, ასევე მაქვს ოფიცრის განათლება, ამიტომ მართვა და კონტროლია ჩემი ძირითადი კომპეტენციაა. შემიძლია მარტივად ავაწყო სისტემები, ერთმანეთთან დავაკავშირო სხვადასხვა ჯგუფი. ჩემი მოვალეობაა მუშაობა ველზე, მეთაურობა, დაგეგმარება და ა.შ. ჩვენი ლეგიონის სპეციალური მოიერიშე ქვედანაყოფი ვმუშაობდით შეტევებზე, დივერსიებიზე, საბოტაჟზე და ა.შ. ლეგიონის მთავარი დამრტყმელი ძალა ვიყავით ჩვენ, შესაბამისად ყველაზე კარგი ეკიპირება, იარაღი, რაც იმ მომენტში იყო ხელმისაწვდომი, მოგვიტანეს ჩვენ“ – გვიყვება რატი ბურდული.

ქართველი მოხალისე ამბობს, რომ რუსული არმიის სამხედრო პოტენციალი არც ისე მაღალია. რატი ბურდული საუბრობს, რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც არ იცავენ საბრძოლო მოქმედებების წესებს.

„არ ვიცი როგორ აღვწერო რუსული ჯარის არაკომპეტენტურობა. იარაღს რომ ყრიდნენ და გარბოდნენ, ეგ ხშირად შეიძლება ვნახოთ, მაგრამ მაგალითად სანგრის გათხრა უნივერსალური რაღაცაა, ერთი სწორი ფორმა არსებობს ამისი, მაგრამ ამასაც არ აკეთებდნენ სწორად. სულ მთვრალები იყვნენ, სუნით შეიძლება გეპოვა. ყოფილა შემთხვევები, ცეცხლის დროს არც გაუღვიძიათ სიმთვრალის გამო. ეწეოდნენ ღია ადგილას, კილომეტრიდან შეიძლება დაინახო ეგ. არაფერს იცავდნენ, რაც უნდა დაიცვა საბრძოლო გარემოებაში“, – ამბობს რატი ბურდული.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე იხსენებს რუსული არმიის მიერ განადგურებულ რაიონებს, სოფლებს ქალაქებს. იმ ადგილებს, სადაც გათავისუფლების ოპერაციებში მონაწილეობდა. ქართველი მებრძოლის აზრით რუსეთი ომის წესებს არ ცვლის და მშვიდობიან მოქალაქეებსაც ჩვეული სისასტიკით ეპყრობა.

„იყო დამწვარი სახლები, ავტომობილები. ავტომობილები, რომლებსაც ბავშვები ეწერა, ჩაცხრილული იყო ტყვიამფრქვევებით. ვიღაცისთვის მაინც უცხოა და ამბობს, ეს როგორ ჩაიდინეს. არად ეს ჩაიდინეს 2008-შიც, აფხაზეთშიც, ჩეჩნეთშიც. ასე ომობს რუსეთი. ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, შიშს დათესვით მუშაობს. ამისთვის მე მენტალურად მზად ვიყავი. კეთილსა და ბოროტს შორის არის ბრძოლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩემი აზრით, არ ყოფილა კონფლიქტი, როცა ასე ცალსახად არის მტყუან-მართალი გამიჯნული“, – ამბობს რატი ბურდული.

ქართველი მებრძოლი უკრაინელი ხალხის შემართებასა და გამძლეობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ახლა იქ ყველა ასაკის ადამიანი გამარჯვებისთვის იბრძვის.

ბებიებიც კი შემართებით არიან. გზაში საკვებს გვთავაზობენ. დიდი მოტივაციაა მთელ ქვეყანაში. არავისგან მსმენია, რომ  ყელში ყელში ამოუვიდათ და იქნებ მორჩეს ეს ომი. პირიქით, ამბობენ რომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ. იმხელა სხვაობა მოტივაციაში, რომ შეუძლებელია ამ ხალხის დამონება და დამორჩილება“, – გვიყვება ქართველი მოხალისე.

რატი ბურდულს მიაჩნია, რომ ახლა უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება, ამიტომ ფიქრობს რომ იქ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ იქ თუ არ მოვიგე, აქ შანსი არ მაქვს, სხვა შესაძლებლობა ფიზიკურად არ არის. იქ მაქვს შანსი ამ ბოროტი იმპერიის დამარცხების. მე იქაც სამშობლოსთვის ვიბრძვი რეალურად.  თავისუფლების ხე ხანდახან უნდა მოირწყას პატრიოტებისა და ტირანების სისხლით. ეგ ხდება ახლა უკრაინაში“, – ამბობს „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში ქართველი მოხალისე.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend