ნაკლები პოლიტიკური პოლარიზაცია, მეტი შემართება რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, დასავლეთის გვერდით მყარად დგომა და საყოველთაო ერთიანობა დასავლური კურსის მიმართ – ამ გზავნილებით დაბრუნდა საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი.
საქართველოს მეგობარს დეპუტატებთან დახურული შეხვედრები ჰქონდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ჯეიმს აპატურაიმ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთმა მსოფლიო უსაფრთხოების რუკა საშიში მიმართულებით შეცვალა და თუ საქართველოს ნამდვილად სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ამ საფრთხეების წინააღმდეგ ცივილიზებულ სახელმწიფოებთან ერთად უნდა იმოქმედოს.
„ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. ვიდრე სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა, კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი. ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც.
საქართველომ უნდა გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამის გასაკეთებლად და გვაქვს იდეები, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. როდესაც საუბარია ჰიბრიდულ თავდასხმებზე, ეს არის კოორდინირებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიებით, ენერგეტიკის საკითხებით და ა.შ. პარლამენტში მოვისმინე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეხვედრაზე მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ჯეიმს აპატურაის დეტალურად მიაწოდეს საქართველოს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია. მმართველ პარტიას კი მოუწოდეს, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ იდეას, მიიღონ საერთო პოლიტიკური რეზოლუცია საქართველოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.
„ყველას გვესმის, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტი იქნება ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული მნიშვნელობის. ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია, როცა ნატო-ს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ამ სამიტზე შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამიტამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს “ლელოს” მიერ დაინიცირებული რეზოლუცია, სადაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მრავალპარტიულ მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. მსგავსი გზავნილი, მიეხმარება ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომ მივიღოთ ნატო-ს სამიტზე მაქსიმალურად სწორი გზავნილები ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უახლოესი კვირები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს შანსი, გვქონდეს პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით”,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ ჯეიმს აპატურაის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსადმი მხარდაჭერა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
„ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, ვისაუბრეთ ასევე უსაფრთხოების არქიტექტურის შემდგომ გაძლიერებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარების გადაუდებელ საჭიროებაზე. საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. დღეს საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანების ყველა ტაქტიკურ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს; ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი გამოცდილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ჩვენს ქვეყანას აქვს სურვილი, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება და საქართველო არის ერთგული ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებისა და ღირებულებების განმტკიცების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ურყევი ნება, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ჯეიმს აპატურაის ეს ვიზიტი ნაწილია იმ შეხვედრების, რომელიც საქართველოს ნატო-ს მადრიდის სამიტისთვის მომზადებაში უნდა დაეხმაროს. ესპანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი მიმდინარე წლის 29-30 ივნისს გაიმართება.
ალეკო გვეტაძე