სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “არ არის დამოუკიდებელი ორგანო” – ასე ეხმაურებიან უწყების 18 აპრილის ანგარიშს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. ისინი სამსახურს არაეფექტიანი მუშაობის გამო აკრიტიკებენ.
„ჰიბრიდული ომის ნაწილების გამოყენებას ხელისუფლების პროპაგანდის სასარგებლოდ – ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია, ეს არის „ალტ-ინფო“, 5-6 ივლისის მოვლენები. ეს არის თუნდაც ის, რომ პოლიტიკური დაჯგუფება, მაგალითად, „ალტ-ინფო“ ღიად ფინანსდება რუსეთისგან და ამას საფრთხედ არ აღიქვამს სუს-ი. შეგახსენებთ, სუს-ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო ის ემორჩილება პირდაპირ ივანიშვილს. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ სუს-ის ანგარიშში ხვდება “ქართული ოცნების” რიტორიკა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
„სუს-ი უნდა მუშაობდეს სწორედ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. სუს-ი კგბ-ს ასოციაცია გახდა, „კაგებეშნიკურად“ მუშაობს. საქართველოს უსაფრთხოებაზე უნდა მუშაობდეს და არ მუშაობს. რაზე მუშაობს პოლიტიკური პოლიცია? ხელს უწყობს „ალტ-ინფოს“. მაგალითად, ოფისს, რომელსაც ჩვენ არ გვაძლევდნენ ჭიათურაში, მისცეს „ალტ-ინფოს“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და საფრთხეებს აფასებს.
ანგარიშში საუბარია ცალკეულ ჯგუფებზე, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის მწვავე საკითხებით და ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ფსევდოპატრიოტული, დესტრუქციული პროცესებისთვის. ამის ერთ-ერთ მაგალითად დასახელებულია საქართველოში ჰესების მშენებლობის საკითხი.
სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე საუბარია იმაზეც, რომ გასულ წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია.
ანგარიშის მიხედვით, ამ სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. როგორც ანგარიშში წერია ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას. სუს-ის ანგარიშს მმართველ პარტიაშიც ეხმაურებიან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა და საქმიანობა ზოგადად, იმსახურებს დადებითად შეფასებას. ძალიან დიდი და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება არის დაცული. იმ ფონზე, როცა რეგიონში არის ძალიან დიდი ტურბულენტობა. მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური პარტიები პირდაპირ თავიანთ ქმედებებით ძირს უთხრიან სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მთავარ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა დასახელებული.
ანა ალელიშვილი