მთავარისაქართველოსახლიდან შორს...

სახლიდან შორს…

20 წლის უკრაინელი მარია მელნიკი, დედასთან ერთად გამოექცა ომს. ახლა თბილისშია და ფოტოგრაფიას სწავლობს იმისათვის, რომ მას და მის ოჯახს შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.

20 წლის მარია მელნიკი, დედასთან ერთად ომს გამოექცა და თბილისში ჩამოვიდა. ომის გამო დედამ სამსახური დაკარგა, შემოსავალი არც მარიას აქვს, სწორედ ამიტომ ფოტოგრაფიის შესწავლა გადაწყვიტა და თბილისში მსურველებს სიმბოლურ ფასად, ან სრულიად უფასოდ უღებს ფოტოებს. იმედი აქვს, რომ ამ საქმიანობას შემოსავლის წყაროდ აქცევს და ერთით ნაკლები სადარდებელი ექნება. მარიას კამერის ობიექტივში ლილიაა, მისი უფროსი და. ის თბილისში ომამდე ჩამოვიდა. მამა კი…

„მამა უკრაინაშია, თუმცა სად, რომელ ქალაქში, არ ვიცით. გვირეკავს ან  გვწერს ხოლმე და მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ კარგად არის. ის უკრაინის დასაცავად წავიდა ომში. მამას მაშინ ვერ ვურეკავ, როცა მინდა. საღამოს ველოდები ხოლმე, ის ძირითადად ამ დროს გვირეკავს. საუბრის დროს მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის. როცა ვეკითხები, როგორ არის, მპასუხობს, რომ საბრძოლო განწყობაზეა. ამას იმით ხსნის, რომ ომში სხვანაირად არ შეიძლება. მეუბნება, რომ ომის დროს ცუდზე არ უნდა იფიქრო და შიშს არ უნდა აჰყვე“, – ამბობს  მარია მელნიკი, ლტოლვილი უკრაინიდან.

„მძიმე მეტალი არ ჟანგდება. ეს გამონათქვამი მამაჩვენზეა, რადგან ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ყველა საომრად ვერ წავიდოდა. ეს მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ და მამა სწორედ ასეთია,“ – მიაჩნია ლილია მელნიკს.

„ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ნორმალური არ არის. ამის მიღება და მასთან შეგუება ძალიან რთულია, არარეალურიც კი. ჩვენ ამ დღეებს ცრემლებში, ემოციებსა და უძილობაში ვატარებთ. ეს მარტივი არ არის. მაგრამ გვჯერა… გვწამს, რომ მოვა დრო და შვილიშვილებს გავზრდით… უკრაინაში“, – ამბობს ინა მელნიკი.

ომი რომ დაიწყო, საქართველოში წამოსვლა მალევე გადაწყვიტეს, თუმცა არ ეგონათ, რომ გზა ასეთი რთული და გრძელი იქნებოდა.

„უკრაინაში ჩვენი სახლი 3 მარტს დავტოვეთ. ავტობუსით წამოვედით იმ ხალხთან ერთად, რომელიც ომს გამოექცა. ორი ღამე გზაში ვიყავით უკრაინის ტერიტორიაზე. შემდეგ, როგორც იქნა, რუმინეთის საზღვარზე გადავედით. იქაც ერთი ღამით დავრჩით.. ავტობუსში გვეძინა… მერე ბულგარეთში წავედით, იქიდან უკვე თურქეთში და 8 მარტს საქართველოში ჩამოვედით. 5 დღე ვიყავით გზაში“, – ამბობს მარია მელნიკი.

მარია უნივერსიტეტში ლექციებს სხვა სტუდენტებთან ერთად დისტანციურად ესწრება. თუმცა ყველა ვერ ახერხებს. მისი კურსელების ნაწილი უკრაინის თავდაცვის ძალებშია. ზოგიერთის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ,  არც იციან ცოცხალია თუ არა…

„დღეს მხოლოდ ორმა ლექტორმა შეძლო ჩვენთვის ლექციის ჩატარება. ერთი პოლონეთშია, მეორე კი – კიევში. ძნელია ახლა ლექციებზე კონცენტრირება და სწავლა. ფიქრებით  სხვაგან ვარ, თუმცა მაინც ვცდილობ, თავს ძალა დავატანო და სწავლა გავაგრძელო, რადგან განათლება განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობაა. ჩვენ, სტუდენტებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკრაინის მომავალი ვართ და ჩვენი ვალია, ვიყოთ საუკეთესოები“,  – აღნიშნავს მარია.

„თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობ. როცა აივანზე გავდივარ, ვუყურებ მთაწმინდის ატრაქციონს, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. ეს მხარდაჭერა პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც რუმინეთის საზღვარი გადავკვეთეთ. შემდეგ კი ამ 5-დღიანი მგზავრობის დროს მივხვდით, რომ ევროპის ყველა ქვეყანას ასეთი დამოკიდებულება აქვს უკრაინელებისადმი, თითოეული ჩვენგანისადმი, ყველასადმი, ვინც იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. ისტორიას რომ გადავხედოთ, 300 წლის წინაც ესხმოდა თავს რუსეთი უკრაინას. ჩვენთვის მტერი ყოველთვის რუსეთი იყო. ძველ ამბებს მიყვებოდა ბაბუა, რომელმაც მასობრივი შიმშილი გამოიარა. ჩვენ არ გვჭირდება მოგონილი პრორუსული ამბები იმის შესახებ, რომ ჩვენ და რუსები ერთნი ვართ. თითოეულმა უკრაინელმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ რუსეთის ბოროტება“, – ამბობს ინა მელნიკი.

„ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ უკრაინაში ხალხს რუსეთის შემოჭრაზე ასეთი რეაქცია ექნებოდა. იმიტომ, რომ უკრაინელები, ჩემი ხალხი, მთელი არსებობის განმავლობაში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. გაინტერესებთ, როგორი შეგრძნებაა, იყო უკრაინელი? ერთი მხრივ, ახლა ძალიან რთულია, რადგან ომი საშინელებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მაგარია,  იყო ამ ხალხის ნაწილი“, – ამბობს ლილია მელნიკი.

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით, ჩემი ოჯახით, განსაკუთრებით მამაჩემით, უკრაინის ისტორიითა და ჩვენი ხალხით. ეს სიამაყე ყველგან იგრძნობა როგორც უკრაინის ქალაქებსა და ქუჩებში, ასევე მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ უკრაინაში დავიბადე და ასეთი ხალხი და ისტორია დგას ჩემ უკან“, – აღნიშნავს მარია მელნიკი.

როგორც მარია, ლილია და ინა ამბობენ, საქართველო ძალიან მოსწონთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend