„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება უკვე კომიკურია.
„მთავრობა მართალია – დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია – საერთოდ ყველაფერი, თუ კი არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია. ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
„ქართული ოცნების“ უტიფრობა ამაშიც გამოიხატება, რომ იმ გზავნილების ნაცვლად, ისრები გადააქვს სხვა მხარეს და თუ პარტიების დაბრალებაზე მიდგა, სწორედ „ევროპული საქართველოს“ გზავნილი იყო აქციზის დაკლება, დღგ-ს დაკლებასთან ერთად, იმიტომ, რომ ამის გარეშე არაფერი არ ეშველება იმ ფასების ზრდას, რომელმაც კატასტროფული სახე მიიღო საქართველოში და ფაქტობრივად შიმშილობის ზღვარზე ვდგავართ“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ.
„ერთი კითხვა გამიჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რომ არ ყოფილიყო ეს აქცია გამართული, ამით ფასები შემცირდებოდა თუ 4 ლარი არ იქნებოდა ტაბლოზე დაწერილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მართავს აქციას, როდესაც რეალურად ერთი ლიტრი საწვავის ფასი უკვე გადასცდა ოთხ ლარს და ეს აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ეხმაურებიან.
„ნუ, ასეთივე წარმატებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იმ ქარის უკან, რომელიც დღეს არის თბილისში დგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საწვავის ფასი არის უკიდურესად გაძვირებული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თვალწინ წარწერა არის ოთხი ლარი და უფრო მეტი და ახლა ამის დაკავშირება იმასთან, რომ თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა არარსებული, გახლავთ არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ მართლაც პრიმიტიული ბუნების გამოხატულება ამ ხელისუფლების ლიდერების“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გუშინ, 27 მარტს გაიმართა. მოქალაქეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო.
ანა ალელიშვილი