მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული როკჯგუფის წევრები კიევს იცავენ

უკრაინული როკჯგუფის წევრები კიევს იცავენ

ბოლო დღეებში კიევში საჰაერო განგაშის ხმა თითქმის უწყვეტად ისმოდა. მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს, ნაწილი კი ქალაქის დასაცავად უკრაინის დედაქალაქში რჩება. მათ შორის არიან უკრაინულ როკჯგუფის “ანტიტილას” წევრები.

ისინი მღეროდნენ ახალგაზრდობაზე, სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე. ახლა მუსიკოსები  უკრაინას იცავენ.

“რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩავერთეთ. მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში კრიმინალური ქმედებები დაიწყო. ჩვენ შევწყვიტეთ ტურნე და მოხალისეებად დავიწყეთ მუშაობა”, – ჰყვება ჯგუფის წევრი ტარას ტოპოლია.

მათ შეაგროვეს ჟილეტები, ჩაფხუტები, საბრძოლო მასალა… და 24 თებერვალს ხელში იარაღი აიღეს.

“ჩვენ კიევს ვიცავთ. უკრაინის ჯარს ომამდე შევუერთდით. მშობლები ვართ. მე და ტარასს 3 შვილი გვყავს. დიმას ერთი ვაჟი. ომის პირველივე დღეებში ოჯახის წევრები კიევიდან უსაფრთხო ადგილას გავუშვით”, – ამბობს ჯგუფის წევრი სერჰი.

სანამ ტარასი, სერჰი და დიმა ფრონტზე არიან, დმიტრო და მიხაილო ლოგისტიკურ საკითხებს აგვარებენ.

“ჩვენ ვაწყობთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს საბანკო ანგარიში, ვაგროვებთ ფულს და ვყიდულობთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი ჯარისთვის, თავდაცვისა და ეროვნული გვარდიისთვის. ეს არის რაციები, თერმოგამომსახველი, ჟილეტები, ჩაფხუტები… ბევრი რამ”, –  ამბობს დრამერი დმიტრო ვოდოვოზოვი.

ჯგუფის ერთ-ერთი პოპულარული სიმღერაა LEGO. ამ სიმღერის ვიდეოკლიპში ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობს, ის მაშინ ჯერ კიდევ კომიკოსი მსახიობი იყო, ახლა კი ჯგუფის წევრები ამაყობენ, რომ ასეთი პრეზიდენტი ჰყავთ.

“არ ვიცი, რა მოხდებოდა, ახლა მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, თუნდაც იმ ელიტიდან, რომელიც მიჩვეული იყო ძველ მმართველობას.  ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პრეზიდენტით. ის ჩვენი ეროვნული სულისა და თავისუფლების სიმბოლოა, ზელენსკი ჩვენს ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს და ამ ომში ჩვენი ლიდერია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მას უკრაინის გამარჯვებაში ერთ წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი”, – ირწმუნება ტარასი.

მათ კიდევ ერთი რამის სჯერათ.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ახლა ახალი უკრაინა იქმნება და მას ჩვენ შევქმნით.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend