მთავარისაქართველოსაქართველოში რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების რიცხვი იზრდება

საქართველოში რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების რიცხვი იზრდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი ხალხია. თუმცა, რეისები იგვიანებს, ზოგიც უქმდება. თვითმფრინავებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოჰყავს. მათ შორის, რუსებიც არიან, უკრაინელებიც და ბელარუსებიც. მათი უმრავლესობა კამერასთან საუბარს თავს არიდებს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე გულღიად საუბრობს. ამბობენ, რომ აქ ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდნენ, ზოგიც დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას გამოერიდა.

„აქ მეგობრები მყავს და მათთან სტუმრად ჩამოვედი. ჯერჯერობით ერთი კვირა დავრჩებით, შემდეგ კი ვნახოთ“.

„მე აქ ბელარუსიიდან ჩამოვედი დასასვენებლად. ვნახოთ, რამდენი დღე დავრჩები. ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მდგომარეობაა. უბრალოდ თავს დაძაბულად და არც ისე უსაფრთხოდ ვგრძნობთ“, – თქვეს აეროპორტში ჩამოსულმა მგზავრებმა.

ორთაჭალის ავტოსადგურში ავტობუსები საერთაშორისო რეისებიდან ბრუნდებიან. ავტოსადგურის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან ბევრი მგზავრი მოდის.  საზღვარზე მათ დიდხანს ამოწმებენ, ამიტომაც ავტობუსები ხშირად იგვიანებენ.

„დღეს, მაგალითად, შემოდის, ამ პერიოდში ვინაიდან შეზღუდვები იყო და კოვიდშეზღუდვები ჩვენი სატრანსპორტო მოძრაობისთვის მოხსნილი ჯერ არ არის, სამი მანქანა შემოვიდა დღეს რუსეთიდან. თვითონ ტრანსპორტის რაოდენობა რომ არ გაიზარდა ფაქტია, იმიტომ, რომ დაკეტილია, ჯერ ადაპტაცია ხდება. მაგრამ ჩვენ აქ მძღოლებისა და სტუმრებისთვის სასტუმრო გვაქვს. ამ სასტუმროში მთელი წლის განმავლობაში რა რაოდენობის ხალხიც არ მიგვიღია, ამ ორ დღეში მივიღეთ. ანუ, 25 ოთახი დაიტვირთა ორ დღეში. იქ ვინც ვინ შემოვიდა, ყველა არის ბელორუსიიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან“, – აღნიშნა სახმელეთო გზით მგზავრთა გადაყვანის ასოციაციის თავმჯდომარემ, ტრისტან სულაძემ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით საქართველოში რუსეთიდან ბოლო დღეებში 20-25 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

„რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ყოველდღიურად ჩამოდიან ავტობუსები თბილისის სადგურში, აეროპორტში თვითმფრინავები სხდებიან.  ხალხის ნაკადი კი სულ უფრო იმატებს.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend