საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში პანდემიის ყველა მაჩვენებელი იკლებს. მათ შორის ინფიცირების, ლეტალობისა და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირებულთა პროცენტულ რაოდენობას ადგენს. აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირები ფიქრობენ, რომ საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი გადავლილია.
„შედარებით დაიკლო დადებითობის მაჩვენებელმა, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში. მაგალითად, აჭარაში, სადაც ადრე იწყება ხოლმე კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა და, შესაბამისად, ადრე იწყება სტაბილიზაციაც. აჭარაში თვალსაჩინოა დადებითობის მაჩვენებლის კლება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ გადავდივართ “ომიკრონის” ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ უნდა იკლოს. თუმცა შესაძლებელია, ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ პრეპიკურ მაჩვენებლებზე ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან ის ქვეყნები, რომლებმაც “ომიკრონის” ტალღის პიკი უკვე გადაიარეს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 170 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 ათასზე მეტი პაციენტი კოვიდკლინიკაშია. მათ შორის არიან “დელტა” შტამით ინფიცირებულებიც, თუმცა ჰოსპიტლებში ძირითადად “ომიკრონით” ინფიცირებული პაციენტები არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდკლინიკაში მყოფი პაციენტების 95% ვაქცინირებული არ არის.
„ბუნებრივია, გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი უკავშირდება ომიკრონის შტამს. “ომიკრონის” დამძიმების რისკი არის უფროსი ასაკის ადამიანებში, აუცრელ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კომპანიები „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ახალი ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ. ახალი ვაქცინა უფრო ეფექტური იქნება “ომიკრონის” შტამით ინფიცირების წინააღმდეგ, ვიდრე დღეს არსებული ვაქცინებია. კვლევები უკვე ბოლო ფაზაშია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა მანამდე საქართველო კომპანია „ფაიზერის“ პრეპარატს ელოდება.
„წამალი ძალიან მალე იქნება საქართველოში. კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში ინფიცირებული პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღებს პრეპარატს. ეს მედიკამენტი 90%-ით იცავს პაციენტს კოვიდ-19-ის გართულებისგან“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
მსოფლიოში წამყვანი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის მესამე, ანუ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება.
ანანო ღუდუშაური