მთავარისაქართველოკარანტინის ვადები შემცირდა

კარანტინის ვადები შემცირდა

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის და მათთვის, ვისაც ვირუსით დაავადებულებთან ჰქონდა კონტაქტი, იზოლაციის ვადები შემცირდა. გადაწყვეტილება დღეს, 10 თებერვალს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. სავალდებულო კარანტინის ვადა 8-დან 7 დღემდე მცირდება მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის და იმ პირებისთვის, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე კი სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულოა. კარანტინის ვადები კიდევ უფრო შემცირდა სამედიცინო პერსონალისთვის.

საქართველოში არსებული კლინიკებისა და სკოლების კოვიდინფიცირებული თანამშრომლებისთვის სავალდებულო იზოლაცია 5 დღემდე შემცირდა.  იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებებში პერსონალის დეფიციტი შეიქმნება, დამსაქმებელს აქვს უფლება, თანამშრომელი სამსახურში კოვიდ-19-ის დადასტურებიდან მეექვსე დღეს გამოიძახოს. თუმცა, იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ამასთანავე, სიმპტომების დასრულებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი.

„ამ ეტაპზე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ  პაციენტი ომიკრონით ინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ,  მეექვსე დღეს აღარ არის გადამდები. ამიტომ თანამშრომლებს, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, შეუძლიათ სამსახურში დაბრუნება ინფიცირებიდან 5 დღეში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება“, – ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს მაია ჩხაიძე.

იგივე რეგულაცია ვრცელდება შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის კოვიდინფიცირებულ თამანამშრომლებზეც.

„ეს არის შესაძლებლობა, რომ პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მაღალი დატვირთვისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში, დროულად დაუბრუნდნენ სამსახურს, თუ მათი იზოლაციის საჭიროება აღარ არსებობს“, – განმარტა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხებათ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ან მათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება,  მათთვის სავალდებულო კარანტინის ვადა 8 დღიდან 7 დღემდე შემცირდა. ამასთან ერთად, მსუბუქი სიმპტომების დასრულებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 24 საათი. იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი. სავალდებულო კარანტინის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში კი ნიღბის ტარება სავალდებულოა. ავადმყოფობის საშუალო და მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში კი იზოლაციის ვადა უცვლელი რჩება.

„დაავადების მიმდინარეობა ომიკრონის დროს ხანმოკლეა. როგორც წესი, საშუალოდ 3-4 დღე გრძელდება, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა მუტაციის – დელტას შემთხვევაში, როცა 5-7 დღე გრძელდებოდა. რაც შეეხება გადადების უნარს, ამ შემთხვევაშიც ომიკრონს გადადების ხანმოკლე პერიოდი ახასიათებს. ომიკრონით ინფიცირებული პაციენტი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე და გამოვლენიდან 4-5 დღის განმავლობაში. მაქსიმუმ 7 დღეა  გადადების საფრთხე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, იზოლაციის ვადები შემცირდა იმათთვისაც, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. კარანტინი არ მოეთხოვებათ, თუმცა ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია აქვთ ინფიცირებულთან კონტაქტიდან მომდევნო 10 დღის განმავლობაში ბუსტერდოზით ვაქცინირებულებს. კარანტინი არ შეეხებათ სრულად ვაქცინირებულებს  მეორე დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში და იმ პირებს, რომლებმაც კოვიდ-19 ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს. რაც შეეხება არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, იზოლაციაში უნდა იყვნენ 5 დღე. შემდგომ კი 12 დღის განმავლობაში მოეთხოვებათ პირბადის გამოყენება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend