გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს 8 თებერვლის სხდომის შემდეგ, მთავრობაში აცხადებენ რომ სიტუაცია მართვადია. საბჭოს წევრები არ უარყოფენ, რომ მოქალაქეებს ცხელი ხაზის ნომრებზე დაკავშირება უჭირთ და ექიმის კონსულტაცია უგვიანდებათ. თუმცა, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე, მთელ რიგ ადმინისტრაციულ პრობლემებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საკოორდინაციო საბჭოს შეკრებისას იმსჯელეს, უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადის შემცირებაა.
„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დაინფიცირებულ მოსახლეობაში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გავრცელება კვლავ 95%-ია. აქედან ორი ქვეშტამიდან შემთხვევების 75% BA2-ზე მოდის. დაბალია ვაქცინაციის ტემპი. სამედიცინო ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა გაზრდილი. ვირუსის გავრცელების 210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევის ფონზე, სპეციალისტები დაღმავალი ტემპის ზუსტ თარიღს ვერ პროგნოზირებენ.
„ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია. გვაქვს ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც 24 ათას 600 შემთხვევაა ახალი. გამოვლენის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია. ბოლო 30 დღის განმავლობაში 60 ათასი ტესტი გვაქვს დღეში და დღეს 73 ათასის ფარგლებშია. აქტიური შემთხვევა 210 ათასია და ეს იმართება ჯერჯერობით. მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებში, სულ 6 ათასი ადამიანია. ქვეყანა ახლა პიკშია, მაგრამ რამდენი ხანი გახანგრძლივდება ეს პიკი, ჩვენ ქცევაზე ბევრად არის დამოკიდებული – როგორ ვატარებთ პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და კვებით მიმდინარეობს ეს დიდი თავშეყრები, ასევე, რამდენად უფრო აქტიურად გავიკეთებთ „ბუსტერს“. ამით შევძლებთ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ ეს მე-6 ტალღა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილის ცნობილი ზომების მიღებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ალეკო გვეტაძე