საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატები წარუდგინა.
დღეს, 7 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, შეხვდა.
კელი დეგნანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი იყოს აუჩქარებელი პროცესი, რომელიც გაიმართება კანონით გათვალისწინებულ დროში იმისათვის, რომ კელი დეგნანის განმარტებით, ამ მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს.
„ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, მისი ახლანდელი ვიზიტი ნატოში და მისი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიასთან. ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორისა და მონაცემთა დაცვის სამსახურში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი. ჩვენ ვურჩიეთ თავმჯდომარეს, რომ იყოს ამ საკითხზე დისკუსია, გამოიყენონ დრო, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული ამ მნიშვნელოვან პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისთვის. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, კვალიფიციურნი. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართება. ასევე იმედი გვაქვს, ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული საქმე განიხილება, სანამ პოზიციებზე ახალ ხელმძღვანელებს დანიშნავენ. ამჟამინდელ ინსპექტორს კვლავ აქვს დარჩენილი სამი წელი, ბოლო სამი წლის განმავლობაში მის ან მისი მოადგილეების საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ყოფილა, არც პარლამენტში და არც სხვაგან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
საერთაშორისო საზოგადოებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონი დაჩქარებული წესით გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო. მოგვიანებით კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ორი ახალი უწყების ხელმძღვანელ პირებს პრემიერ-მინისტრთან არსებული სპეციალური კომისია შეარჩევდა და თავად პრემიერ-მინისტრს წარუდგენდა.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კანდიდატები პროცედურების სრული დაცვით შეარჩია.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ორი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომლებიც აკადემიურ სფეროში საქმიანობენ და არიან პროფესორები. რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, ამ პოზიციაზე წარმოდგენილია ორი მოქმედი პროკურორი და ასევე ერთ-ერთი მათგანი მხარდაჭერილია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ. კონკურსის ფარგლებში წარმართული პროცესი პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ, იყო გამჭვირვალე, ყველა საკითხზე ვიყავით შეთანხმებული და შეჯერებული და სწორედ აქედან გამომდინარე, პროცედურების სრულად დაცვით, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება და წარმოგვიდგინა პარლამენტს შესაბამისი კანდიდატები“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
საკონკურსო კომისიებმა გასულ კვირას სხდომა გამართეს, სადაც თითოეული სამსახურისთვის 3-3 კანდიდატი შეარჩიეს. საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთი კარლო კოკა კაციტაძე დასახელდა, რომელიც ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურის სპიკერ პროკურორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს დამოუკიდებელი უწყების გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბებულ ორ სამსახურს.
ანა ალელიშვილი