მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ამერიკული და რუსული მხარეები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ამერიკული და რუსული მხარეები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ

გაეროში უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, შეერთებული შტატები და რუსეთი მწვავედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მძიმე შედეგებით დასრულდება. რუსული მხარე კი კვლავინდებურად ითხოვს იმის გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მაღალი რანგის სხვა დიპლომატიური შეხვედრებიც

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კვლავ სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი  ძალა ჰყავს მობილიზებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ყველაფრისთვის მზადაა.

გაეროში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ  წინსვლის საუკეთესო გზა დიპლომატიაა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

რუსეთი იმუქრება,  რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სამხედრო ნაბიჯებს გადადგამენ. გაეროში აშშ-ს ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მოულოდნელი არ იქნება. მისი აზრით, რუსეთის ქმედებას ცუდი  შედეგი მოჰყვება.

ვასილი ნებენზიას, რუსეთის ელჩს გაეროში, მიაჩნია, რომ ომის საფრთხის შესახებ დისკუსიები თავისთავად პროვოკაციულია. მისი თქმით, დასავლეთს თითქოს სურს დაძაბულობა და  ომის დაწყება.

გაეროს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ცდილობენ, დიპლომატიური გზით პრობლემის მოგვარებას. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის ოთხი დღის განმავლობაში უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების იურიდიულად  სავალდებულო გარანტიები და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

მიმდინარე კვირას კიდევ გაიმართება უმაღლესი დონის დიპლომატიური შეხვედრები.  არსებობს ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ამერიკულ მხარეს მათ მიერ წარმოდგენილ შეთავაზებაზე წერილობითი პასუხი გაუგზავნა, თუმცა ასეთი ნაბიჯები საკმარისი არ არის  კრიზისის მოსაგვარებლად.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend