ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთი მძლავრი ბალისტიკური რაკეტა გამოცადეს. იაპონელმა და სამხრეთკორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტა მაღალი ტრაექტორიით გაუშვეს, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ სივრცეებს ასცდენოდა. რაკეტა 2000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და 800 კილომეტრი იფრინა, სანამ ზღვაში დაეშვებოდა. ბოლო ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ყველაზე შორსმფრენი და მძლავრი ბალისტიკური რაკეტაა.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის აქტივობები, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკავშირდება, საფრთხეს უქმნის მათი ერის, რეგიონისა და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებას. მსგავსი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაეროს დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. მათ ჩრდილოეთ კორეის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ჩრდილოეთ კორეაში თავიანთ აქტივობებს იმით ამართლებენ, რომ მათ თავდაცვის უფლება აქვთ. ისინი უფრო მკაცრი ნაბიჯებითაც იმუქრებიან მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვეს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა ქვეყანას. გასულ წელს კი კიმ ჩენ ინმა წარადგინა მომავალი 5 წლის გეგმა, რომელიც შეიარაღების განვითარებას უკავშირდება. ისინი ჰიპერბგერითი იარაღის, ჯაშუში სატელიტებისა და ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების შექმნას გეგმავენ.