ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კრიტიკას „ქართული ოცნება“ კრიტიკითვე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას არასწორს და უსამართლოს უწოდებს. მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება დასავლელი პარტნიორების მიმართ საზოგადეობის ნდობას არყევს.
იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასეთი რიტორიკით არ უნდა ესაუბრებოდეს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს – აცხადებენ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის კრიტიკულ განცხადებაზე საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და განვითარებას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამ იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას. საელჩო „ქართულ ოცნებას“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გამოც აკრიტიკებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც გამოეხმაურნენ. აქ იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა – მოაწერს ხელს თუ ვეტოს დაადებს ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება ორი ახალი უწყება.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ისე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.