მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული და რუსული არმიების მზადება უკრაინის საზღვრებთან

უკრაინული და რუსული არმიების მზადება უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაცია სულ უფრო მეტ ტანკს, საარტილერიო სისტემას და ბალისტიკურ სარაკეტო ბატარეას უყრის თავს.

როსტოვის ოლქში კი, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, საბრძოლო მომზადებას გადიან რუსეთის არმიის სამხედრო ოლქის სნაიპერთა დანაყოფებისა და მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები.

ამავე დროს, 90 სატვირთო ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ, ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარი გადაკვეთა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს, რომელიც წითელი ჯვრის ან ეუთოს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს არ შეუმოწმებიათ.

სახელმწიფოს სამხედრო ძალების მეთაურობასთან გამართული შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ნატო არ შეაჩერებს უკრაინის არმიის მომზადების პროგრამას, რუსეთის ფედერაცია მზად არის სამხედრო – ტექნიკური, საპასუხო ზომების მიღებისათვის. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კი,  ვლადიმერ პუტინმა მსგავსი რიტორიკა განაგრძო.

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინას ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა.

შედეგად, უკრაინის ინდუსტრიული გულის, დონბასის რეგიონის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ყირიმის ნახევარკუნძული კი ანექსირებული.

კონფლიქტის შედეგად, დღემდე 6 ათასამდე სეპარატისტი ჯარისკაცი, 4100 უკრაინელი ჯარისკაცი და 3, 350 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მილიონზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

ამჟამად კი, უკრაინის არმიის დანაყოფები წრთვნისას, ვაშინგტონის მიერ მიწოდებულ თანამედროვე სამხედრო იარაღს იყენებენ. მათ შორის ჯაველინის ანტი სატანკო რაკეტებს, რომლებიც უკრაინამ 2018 წელს მიიღო და ამ ეტაპისთვის 400 – მდე რაკეტა აქვს არსენალში, საქართველოს სახმელეთო ძალებს ეს ანტისატანკო იარაღი 2017 წლიდან აქვს შეიარაღებაში.

მოსკოვის მიერ წაყენებული უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის საპასუხოდ ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, ჯარების დონბასსა და ყირიმში კონცენტრაციით სწორედ კრემლი ატარებს. რაც შეეხება იანვარში ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, რომ ამ შეხვედრის თარიღისა და ადგილმდებარეობის თაობაზე შეთანხმება ჯერ  მიღწეული არ არის.

ჟურნალისტი – პუტინმა განაცხადა, რომ იანვარში, ჟენევაში შეხვედრის შესახებ შეთანხმდით, ადასტურებთ?

ჯენ პსაკი თეთრი სახლის პრესმდივანი – შეხვედრის თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულია.

ჟურნალისტი – რატომ? მაშ პუტინმა ეს რატომ განაცხადა? თქვენს მოტყუებას ცდილობს?

ჯენ პსაკი თეთრი სახლის პრესმდივანი – ვერ გეტყვით ვლადიმერ პუტინის მოტივაცია რა არის, მით უმეტეს ამ ეტაპზე. ჩვენ მოლაპარაკების დაწყებას ვცდილობთ. მოსკოვისგან წინადადება მივიღეთ, ზოგიერთი პუნქტი მისაღებია, ზოგი არა, განსაკუთრებით ნატოს საკითხი. ჩვენ ვმუშაობთ საბოლოო ვერსიაზე.

დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონბასსა და ყირიმში, საზღვრის მიმდებარედ, 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებებისთვის საჭირო რესურსების მობილიზაციაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend