მთავარისაქართველო„ეროვნული თანხმობისთვის“- გრძელდება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან

„ეროვნული თანხმობისთვის“- გრძელდება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან

„ეროვნული თანხმობის“ მისაღწევად საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, 22 დეკემბერს, ის ელენე ხოშტარიასა და პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს შეხვდა. დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა სახალხო დამცველიც. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, პრეზიდენტს არ სურს, რომ შერიგების პროცესი აღქმული იყოს, როგორც შეთანხმება კონკრეტულ პარტიებს შორის, რადგან მისი თქმით მიზანი ეროვნული თანხმობაა და არა პარტიების შერიგება. შეხვედრაზე იმყოფებოდა გირჩის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამროწყებული პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ან რაიმე ტიპის შეთანხმება შედგება, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიზისს განმუხტავს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობის მისაღწევად განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 23 დეკემბერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.

„ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი. ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ე.წ. ეროვნული შერიგების ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილიც შეხვდა. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ პროცესში პრეზიდენტს ხელი შეუწყოს.

„შეხვედრა შეეხებოდა ეროვნული შერიგების თემას, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, პოლარიზაცია შეიცვალოს კონსტრუქციული, ჯანსაღი პროცესით. მგონია, რომ ძალიან კარგია და სწორია ასეთი ინიციატივა პრეზიდენტის მხრიდან, პირადად მე მაქსიმალურად ვეცდები ამ პროცესში ხელი შევუწყო თუ ამის შესაძლებლობა მექნება“, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საყოველთაო შერიგების ინიციატივაზე ვრცლად 16 დეკემბერს საახალწლო მიღებაზე ისაუბრა. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი საქართველოს პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა.

„პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. მას სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა, რა მოლოდინებია საზოგადოებაში და შემდგომ ამის შესაბამისად, შესაბამისი პროფესიონალების, მათ შორის, მოწვეული ექსპერტების ჩართულობითა და ქართული საზოგადოების ჩართულობით წარიმართება ეს პროცესი“, – თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend