მთავარისაქართველოახალი შტამი “ომიკრონი” საქართველოში ჯერჯერობით არ დადასტურებულა

ახალი შტამი “ომიკრონი” საქართველოში ჯერჯერობით არ დადასტურებულა

კორონავირუსის 5 ტალღის შემდეგ საქართველოში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ცუნამს ელოდებიან. სწორედ ცუნამს ადარებენ კოვიდ-19-ის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებას მსოფლიოს ექიმები და ექსპერტები. საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირებული პაციენტი ჯერჯერობით არ გამოვლენილა, თუმცა ქვეყანაში ამის მოლოდინი არის.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გამოვლინდება. ამაში გასაკვირი არაფერია. ამ ეტაპისთვის ჩვენ ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ ვარიანტი საქართველოში არ გვაქვს“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

მსოფლიოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ომიკრონის ვარიანტს დელტა შტამზე მძიმე ფორმები არ ახასიათებს, თუმცა დაავადება არც მარტივად მიმდინარეობს. კვლევებში საუბარია კორონავირუსის ამ ვარიანტის უპრეცედენტო გავრცელების უნარზე. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს, რადგან ომიკრონის შტამით რეინფიცირების შემთხვევები ორჯერადად ვაქცინირებულებშიც საკმაოდ მაღალია.

„მილიონ-ნახევარი ადამიანს, რომლებსაც არც გადატანილი აქვთ ვირუსი და არც ვაქცინის გაკეთება სურთ, იმუნური სისტემა არ აქვს და მოუმზადებლად ხვდება   „ომიკრონს“. ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14000-15000 ადამიანი, დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება ვერცერთი ადამიანი, ომიკრონის გავრცელების მასშტაბით ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება აცრა გაკეთებული? შევხვდებით იმუნიტეტით. აუცრელები კი შეხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე.  სამწუხაროდ, 1% ანუ 1000 ინფიცირებულიდან 10 ადამიანი, გარდაიცვლება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ნიღაბი 10-დან მხოლოდ 3 უკეთია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ახალ შტამებს მნიშვნელობა აქვს, თუმცა ვირუსს ეს თვისება ყოველთვის აქვს და დამერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლას და შტამების დევნას. ვაქცინაციას მართლა დიდი საინფორმაციო კამპანია სჭირდება, მაგრამ ნიღაბი ეს მარტივი რამაა. აუცრელთა ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ვირუსი უფრო პატარა არის, ვიდრე ნიღაბი და ამიტომ აზრი არ აქვს პირბადის ტარებასო. ვირუსი არის აირწვეთოვანი და არა აიროვანი. აიროვანი არის წითელა და მის შემთხვევაში ნიღბის ტარებას მნიშვნელობა არ აქვს. აირწვეთოვანის დროს კი ვირუსი იფრქვევა და მას პირბადე აჩერებს. ანუ ადამიანი, რომელსაც პირბადე უკეთია, დაცულია  დაინფიცირებისგან. ნიღაბი მაინც ატარეთ“, – განმარტა დავით სერგეენკომ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას 2022 წლამდე ეკატერინე ტიკარაძე შეასრულებს. ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას ახალი წლის მერე.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend