მთავარისაქართველოსად გვჭირდება პირველი დეკემბრიდან „მწვანე სტატუსის“ წარდგენა

სად გვჭირდება პირველი დეკემბრიდან „მწვანე სტატუსის“ წარდგენა

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და უცხოეთში სამოგზაუროდ ან სხვა მიზნით იმყოფებიან, ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ.

ეს გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საბჭოზე ასევე გადაწყდა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირს „მწვანე სტატუსი” მუდმივად, უვადოდ ენიჭება.

ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ის არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი კიდევ გადაიხედოს.

პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. უფრო კონკრეტულად კი, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რესტორნებს, რომლებსაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპროტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე.

აქამდე მათ მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ. ამას  გარდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით 30%-დან 50%-მდე გაიზრდება დამსწრეთა რაოდენობა ოპერებში, თეატრებსა და კინოთეატრებში.

„მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის, აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე, ამ შემთხვევაში, აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად. თუ ადამიანს აქვს PCR-ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებული ტესტი. სად გვჭირდება „მწვანე სტატუსის“ წარდგენა – ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები – ღია და დახურული სივრცე, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზები“, – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ახალი შტამების ცირკულაციის მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ ახალ შტამს, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და რუსეთში ცირკულირებს, საქართველოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი საქართველოში პირბადის გამოყენების დაბალ მაჩვენებელზე კვლავ მიუთითებენ.

„ის, რომ პირბადის მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი და აღსრულება არ არის, მე ამას ძალიან ხშირად აღვნიშნავ. მე ხშირად გეუბნებით – მარტო შოლტისა და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ აი, ეს [პირბადე] უმარტივესი რაც არის, როგორმე ყველამ ვატაროთ. ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და ეს [პირბადე] დღეს ყველამ ვატაროთ, ანუ 90-95%-მა მოსახლეობის, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდე 200-300 ადამიანი სიცოცხლეს მარტო ამით [პირბადე]“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთული რჩება. ისინი ფიქრობენ, რომ პანდემიის პროცესის შეჩერება მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვას შეუძლია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend