მთავარისაქართველოოპოზიციის ნაწილი კვლავ განაგრძობს საპროტესტო აქციებს

ოპოზიციის ნაწილი კვლავ განაგრძობს საპროტესტო აქციებს

ოპოზიციის ნაწილი კვლავ განაგრძობს საპროტესტო აქციებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან და საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე, როგორც თავად ამბობენ, მიტაცებულ არჩევნებს არ დაიბრუნებენ და მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც მოიქცა სახელმწიფო უწყების ყველა წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, პროტესტი მივა ყველგან. მივალთ ყველგან და ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მოძრაობის დასაწყისი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საპროტესტო აქცია დღეს დილის 11 საათიდან თბილისში ერთდროულად სამ ადგილას – ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სუს-ის შენობასთან გაიმართა. შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სიტყვით მიმართეს. იუსტიციის სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველებს კორდონი ჰქონდათ მოწყობილი და შენობასთან მისასვლელი კიბე ბლოკირებული იყო. სამართალდამცველთა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაც იყო. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

„როგორც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს და ყველაფერზე მიდის, რომ თავის ჩანაფიქრს ახორციელებს, ვითომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ მათი ყოველი მავნებლური ნაბიჯი, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. პირველ რიგში მოთხოვნაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებლობა იქნება, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს გასცდნენ და ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას შეეცადნენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აქციები უწყვეტი იქნება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი პარტიამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, მათ შორის, რეგიონებშიც.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend