მთავარისაქართველო30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

30 ოქტომბერს ამომრჩევლები ხმის მიცემას 8 საათიდან შეძლებენ. იქამდე კი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო აქტივობებს ატარებენ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პარტია „ნაციონალურ მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას აჩერებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ გამარჯვებისთვის ემზადებიან და მათი გეგმაა ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნებით.

„უკვე გავიარეთ რამდენი არჩევნები ყველამ ერთად და ვნახეთ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არ ემზადება, ემზადება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის. ეს ჩვენ დავამტკიცეთ არაერთხელ და ახლა დავამტკიცებთ რეალურად, როცა გამოცხადდება არჩევნების შედეგები. ჩვენ 20 მუნიციპალიტეტში ველოდებით გამარჯვებას, ყველა ის გაყალბება, რომელიც ვნახეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე, თუნდაც, გასული წლების არჩევნებზე, ისევ ძალაშია და „ქართული ოცნება” ისევ არ იტყვის უარს ამ მექანიზმებზე და გაათმაგებულად შეეცდება მიიტაცოს არჩევნები. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური მიმდინარეობს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან მმართველ პარტიაშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მათი მიზანია, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.  თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა.

„მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ თბილისის მერს, არამედ იმ ფასეულობებს ვირჩევთ, რაზეც მუდამ იდგა თბილისი – ეს არის ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა. სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად, 2012 წლის 1 ოქტომბერს და ახლაც, 2021 წლის 2 ოქტომბერს თბილისმა, მთელ საქართველოსთან ერთად აჩვენა ყველას, რომ არ დაუშვებს ბოროტებისა და ძალადობის ყოფნას და დაბრუნებას ამ ქვეყნისა და ქალაქის სათავეში. ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

ამასობაში კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც განცხადებაში წერია, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც მათი განმარტებით, გამოიწვია მესამე პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ და შედეგად, მისმა დაპატიმრებამ.

ასევე, განცხადების მიხედვით, მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში და სხვა 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend