თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 12 დღე რჩება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 18 ოქტომბრიდან არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე.
„თბილისელებს შევთავაზეთ კიდეც დეტალური საარჩევნო პროგრამა და არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მჯერა, თბილისს კიდევ უფრო განვითარებულ, ევროპულ, ლამაზ, მწვანე და მიმზიდველ ქალაქად აქცევს, შეიტანს მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში. მეგობრებო, მყარ მომავალს მყარი ფუნდამენტი განაპირობებს, რომელიც წარსულის სწორ ანალიზს ეფუძნება. 2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე. თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ისინი არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას განაგრძობენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ აქტიური წინა საარჩევნო კამპანია აქვთ, დადიან რეგიონებში, ხვდებიან მოსახლეობას და ამ არჩევნების შედეგების მნიშვნელობას უხსნიან.
„გეგმავთ, ის, რაც მოხდა პირველ ტურში და ხალხმა გადადგა ნაბიჯი ცვლილებებისკენ, უფრო გავაღრმავოთ მეორე ტურში და შესაბამისად, გავიმარჯვოთ. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს აქტიური საარჩევნო კამპანია, ვაპირებთ, მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის, თბილისი. 20 რაიონში არის მეორე ტური, კანდიდატები ხვდებიან მოსახლეობას, მათ უხსნიან ამ არჩევნების შედეგების მნიშვნელობას“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.
წინასაარჩევნო გარემო შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. კელი დეგნანს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პარტიებმა ყურადღება გაამახვილონ თავიანთი პროგრამებისა თუ იდეების ამომრჩევლისთვის გაცნობაზე. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
„მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ მოხდეს ყურადღების გადატანა პარტიების მხრიდან ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პლატფორმების, იდეებისა და პროგრამების გაცნობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩენილი კვირები არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები. ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი გავაკეთო კომენატარი, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ. მთავარი არის ის, რომ არჩევნებისთვის უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო, სადაც ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი აზრი მშვიდობიან გარემოში და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი უნდ იყოს გადატანილი კონკრეტულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და არა ურთიერთდაპირისპირებასა და თავდასხმაზე. განსაკუთრებით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ძალადობას“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ანა ალელიშვილი