მთავარისაქართველორა პოტენციალი აქვს წალკის მუნიციპალიტეტს?

რა პოტენციალი აქვს წალკის მუნიციპალიტეტს?

"ეს წალკაა"

ზაფხული დასრულდა. თუმცა წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონს ყოველდღიურად მაინც საკმაო რაოდენობით ტურისტი სტუმრობს.

რაც კანიონთან მისასვლელად ტურისტული მარშრუტი გაკეთდა, წალკას ბევრი მნახველი გაუჩნდა. ამ მხარეში მართლაც განსაკუთრებული ბუნებაა, მაგრამ წალკის მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ მცხოვრები ხალხია, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი მოსახლეობა.

და ეს ხალხი წუხს იმის გამო, რომ წალკას საკმარისი ყურადღება არ ექცევა.

რეგიონში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ევროკავშირის დახმარებით წამოიწყო პროექტი „ეს წალკაა“.

პროექტს  ოთხი მიმართულება აქვს  და მისი მიზანია, გაძლიერდეს საოჯახო მეურნეობები, შეიქმნას სამუშაო ადგილები, განვითარდეს ტურიზმი, სხვადასხვა საქმიანობაში ჩაერთონ ქალები და ახალგაზრდები.

„ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლიდან პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში შეიქმნა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი და უკვე 30-მდე პროექტი დაფინანსდა. პროექტ „ეს წალკაა“-ს მიზანია, განვითარდეს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პოტენციალი, შეიქმნას ახალი ინოვაციური პროექტები, გაიზარდოს სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გენდერული ინტეგრაცია“, – გვითხრა CENN-ის კომუნიკაციების მენეჯერმა მარი კიკვაძემ.

წალკაში ტურისტების გამოჩენასთან ერთად, სტუმრების  დაბინავებაც აქტუალური გახდა. მაია მკრტიჩიანმა გადაწყვიტა, სოფელ დაშბაშში მდებარე სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაეკეთებინა და იქვე აეშენებინა ხის, ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები.

„ევროკავშირის დახმარებით მოვიპოვე გრანტი და ავაშენე სასტუმრო, რომელიც ძალიან კარგი გამომივიდა, იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე წარმოვიდგენდი“, – ამბობს პროექტის ბენეფიციარი მაია მკრტიჩიანი.

კარტოფილის მოყვანა ერთ–ერთი წამყვანი დარგია წალკის მუნიციპალიტეტში. ამ დარგის განვითარება მნიშვნელოვანი პირობაა რაიონში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ენდო სტეპანიანი 12 წელია, აგრობიზნესით არის დაკავებული. ამ წლების განმავლობაში მან საკმაო გამოცდილება შეიძინა. ბიზნესის განვითარებასთან ერთად, იგი ადგილობრივ ფერმერებსაც ეხმარება.

„12 წლის წინ წალკაში რომ ჩამოვედი, სოფლის მეურნეობით დავინტერესდი. მაშინ გამოუცდელი ვიყავი. ადგილობრივი ფერმერებისა და სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით, ბევრი რამ ვისწავლე ახლა 16 ჰექტარ მიწას ვფლობ, 17 – იჯარით ავიღე. საწყობიც ავაშენე“, – უამბო “ევრონიუს ჯორჯიას” ენდო სტეპანიანმა.

წალკელები თავდადებით შრომობენ, იმედი აქვთ, რომ დადგება ის დრო, როცა მუნიციპალიტეტში სიღარიბე შემცირდება, ყოფითი პირობები გაუმჯობესდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა წალკის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გასაცნობად.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend