მთავარიფოკუსიკონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა პანდემიის შემდეგ დინამიკურად ვითარდება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა პანდემიის შემდეგ დინამიკურად ვითარდება

პანდემიისა და ყველა სირთულის მიუხედავად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მარჯვედ გაუმკლავდა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს.

კონგოში, მოსახლეობის 60 პროცენტი 20 წლამდე ასაკისაა, რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობად ითვლება. ბოლო წელიწად-ნახევარია, რაც დაწყებითი განათლება ყველასთვის უფასო გახდა, რისი წყალობითაც, ოთხ მილიონ ბავშვს სკოლაში დაბრუნების საშუალება მიეცა.

ბოლო თვეების განმავლობაში სკოლაში მოწაფეების რაოდენობა მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა. მართალია, ზოგჯერ სკოლას თავის გართმევა უჭირდა, მაგრამ დაწყებითი სკოლის დირექტორს ეს ამბავი ძალიან ახარებს.

ალფონსე კაპატა სიმბა, სკოლის დირექტორი:

„ბავშვები, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდათ, თუ ქუჩაში დარჩებოდნენ და იცუღლუტებდნენ, ახლა სკოლაში დადიან და სწავლობენ. მათ მშობლებს კი სწავლისთვის ფულის დახარჯვა აღარ უწევთ და რაღაცას ზოგავენ კიდეც. ეს ოჯახისთვის სასარგებლოა.“

სკოლის შემდეგ ქვეყნის ახალ  პრემიერ-მინისტრ ჟან-მიშელ სამა ლუკონდე კიენგეს შევხვდით, რომელმაც თანამდებობა 100 დღის წინ ჩაიბარა. იგი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდობა ქვეყენას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს.

ჟან-მიშელ სამა ლუკონდე კიენგე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალგაზრდობა ქვეყნსი მომავალი: „ისინი გვჭირდებიან. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავისი არსებობის მანძილზე გარდამტეხი მომენტი უდგას. ის განიცდის ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანას ახალ მიმართულებას მისცემს, ჩვენ კი  – იმედს .“

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლახან კონგოს  რესპუბლიკას მილიარდ-ნახევარი დოლარის კრედიტი გამოუყო, რომლის სანაცვლოდაც ხელსუფლებამ გრანდიოზული რეფორმის პირობა დადო. რეფორმის მიზანი ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის  უზრუნველყოფაა.

ჟან-მიშელ სამა ლუკონდე კიენგე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:

„პირველ რიგში, ეს  ბიზნესების შექმნას შეუწყობს ხელს. ეს იქნება ამოსავალი. ამის პარალელურად კიდევ უამრავი დამხმარე ინსტრუმენტი იქნება, მათ შორის სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. და ბოლოს, წავახალისებთ იმ სექტორებს, რომლებშიც ინვესტიციების მოზიდვა გვინდა.“

ეს ეკონომიკის დივერსიფიცირებას მოითხოვს, განსაკუთრებით აგრარულ სექტორში. კალაა მპინგა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კონგოელი ინვესტორია. იგი თავიდან წიაღისეული მოპოვების ინდუსტრიაში საქმიანობდა, შემდეგ დიდი ინვესტიცია ჩადო სოფლის მეურნეობაში და პალმის ზეთის საწარმოებში. ამ პროდუქტისგან სარგებელი კინშასის მოსახლეობასაც აქვს.

კალაა მპინგა, კონგოელი ინვესტორი:

“20-მილიონიანი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის იმპორტირებული პროდუქტით იკვებება. არადა, გვქვს მიწა, კარგი კლიმატი, გვყავს ხალხიც, ყოველ შემთხვევაში მუშახელის ნაკლებობა არ არის.“

რასაკვირველია, არის დაბრკოლებებიც, რომლებიც უნდა მოიხსნას, მაგალითად, საჭიროა გრძელვადიანი ინვესტორის მოძებნა, გარკვეული კანონების შეცვლა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ ქვეყანას ერთი შესანიშნავი აქტივი აქვს:

კალაა მპინგა, კონგოელი ინვესტორი:

„გვაქვს ის, რასაც მე ყველაზე ლამაზ, გრძელ და ფართო მაგისტრალს ვუწოდებ მსოფლიოში, მდინარე კონგო!“

კიდევ ერთი განვითარებადი სფერო ციფრული ტექნოლოგიებია. ეს სკოლა ერთ-ერთია იმ 6 ათასი სკოლიდან, რომლებშიც მოწაფეები და მასწავლებლები იყენებენ საგანმანათლებლო ტაბლეტს, სახელწოდებით schoolap-ი, რომელიც კონგოელმა სტარტაპმა შექმნა.

სკოლის მოწაფე გოგონა მორგანი ამბობს, რომ ამ ტაბლეტში მოცემულია  კითხვები და სავარჯიშოები, რაც საყოველთაო კარანტინის დროს, როდესაც მოწაფეები დისტანციურად სწავლობდნენ, ძალიან გამოადგათ.

ალბერტ მბუი,  Ecole Chretienne Le Rocher-ის სკოლის მასწავლებელი:

“შეგვიძლია, ვიდეოკონფერენციების მოწყობა, ყველა ბავშვს რომ ერთდროულად დავუკავშირდეთ. მასწავლებელი კი ან სახლიდან ერთვება ან სკოლიდან.“

ალბერტ ლუბამბა, Ecole Chretienne Le Rocher-ის სკოლის დირექტორი:

“ამან საშუალება მოგვცა, რომ არ გვქონოდა ჩამორჩენა სასკოლო პროგრამაში და ეს შესანიშნავია!“

schoolap-ის ავტორმა თავისი გამოგონებისთვის რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა  ეს კონცეფცია სეიშელის კუნძულებსაც მიჰყიდა. ამ კონცეფციის წყალობით, კონგოში განათლების ხარისხი ძირფესვიანად შეიცვალა.

პასკალ კანიკი, აპლიკაციის ავტორი:

„ერთი საჯარო სკოლისთვის „schoolap-ის ერთი ტაბლეტის მიცემა სასკოლო ბიბლიოთეკის გადაცემის ტოლფასია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოწყობილობა ისეთ ადგილებშიც მუშაობს, სადაც არც ელექტრობაა და არც ინტერნეტი. ასე რომ, არცერთი ადგილი არ რჩება ამის გარეშე.“

ამ სტრატეგიის წყალობით, მხოლოდ ადგილობრივები კი არ ვითარდებიან, არამედ კონგო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება.

ჟან-მიშელ სამა ლუკონდე კიენგე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:

„არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი ქვეყანაა, რომელიც აფრიკის გულში მდებარეობს და აქ მხოლოდ 100-მილიონიანი შიდა ბაზარი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ 9 მეზობელი ქვეყნის ბაზრებიც გასათვალისწინებელია. კონგო  არის დამაკავშირებელი რგოლი სამხრეთ აფრიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აფრიკას შორის.“

2021 წელს კონგოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია. და ყველას, ვისაც კი ვესაუბრეთ, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამ ზრდის ტალღაში მოექცეს.

პასკალ კანიკი, Pascal Kanik აპლიკაციის ავტორი:

“დღეს შეგვიძლია, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ გვყავს ახალგაზრდობა, რომელიც ბეჯითად მუშაობს, რომ ქვეყანას კარგი იმიჯი შეუქმნას. გვინდა, გავაგრძელოთ ქვეყნის გარდაქმნა.“

კალაა მპინგა, ინვესტორი:

„მე მჯერა კონგოსი. მჯერა მისი პოტენციის, აქ მოვედით, რომ  ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ მისთვის.“

ჟან-მიშელ სამა ლუკონდე კიენგე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:

“თუ სხვადასხვა მაჩვენებელს შეხედავ, ნახავ, რომ ყველაფერი იზრდება…ყოველდღე  ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სწორი მიმართულებით მივყავართ.  მე ეს დიდ მოტივაციას მაძლევს და ნამდვილად მინდა, რომ ასე აღმავალი მიმართულებით ვიაროთ, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანის ეკონომიკური წინსვლა მოჰყვება და თოთოეული კონგოელის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.“

ავტორი: სერჟ რომბი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend