9 აგვისტოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.
მკაცრდება პირბადის ტარების აუცილებლობა. 5-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის ადგილზე, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება. წესის დარღვევა ჯარიმით შემოიფარგლება. ქუჩაში გადაადგილებისას კი პირის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული გაიკეთებს თუ არა სამედიცინო ნიღაბს. კვლავ აკრძალული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. 10 000 ლარით დაჯარიმდებიან კვების ობიექტები, სადაც ქორწილი ან სხვა სადღესასწაულო შეკრება გაიმართება. განმეორებით შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება. ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციის საკითხზეც.
„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება – მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებამდე, ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, აიცრება ცესკოს პერსონალიც. წინასაარჩევნო აგიტაციებზე კი კანდიდატებსა და ამომრჩევლებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. ამის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს 2022 წლის იანვრიდან ხელფასების მატებას დაპირდა.
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება ჩვენი ქვეყნის წინაშე – აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. ჩვენ ახლა არჩევნებს ვუახლოვდებით, აქტიურ ფაზაში შევდივართ. გუშინ, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩვენები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ასევე, მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს. მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე. 022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოსალოდნელი შეზღუდვები საჯარო თავყრილობებთან – განსაკუთრებით კი ფესტივალებთან მიმართებაში არ დაწესდა. აღმასრულებელი ხელისუფლების ყურადღება კვლავ ვაქცინაციის ზრდასა და პირბადის ტარების ირგვლივ გამახვილდა.
ალეკო გვეტაძე