მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკორდულად დიდი რაოდენობის ადამიანმა ჩაიტარა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკორდულად დიდი რაოდენობის ადამიანმა ჩაიტარა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში 20 845 პირს ჩაუტარდა, რაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ქვეყანაში არის იმის შესაძლებლობა, რომ დღეში 30 000 ადამიანი აიცრას.

ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანაში ოთხი სახის ვაქცინა, „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისვაქცინებია ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო აქტიურდება. გარდა მოსახლეობის ჩართულობისა, დღევანდელი მონაცემებით სამედიცინო პერსონალის 46% ერთი დოზით უკვე აიცრა. ამ დროისთვის აცრილებს შორის ყველაზე ცოტა სანიტარია, რაზეც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კუთხით მეტი მუშაობაა საჭირო.

„სამედიცინო პერსონალი ყველაზე უფრო დაზიანებული პერსონალი იყო. პანდემიის პერიოდში 33% დაავადდა კორონავირუსით. აცრილი სამედიცინო პერსონალიდან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, რადგან ექიმები კარგად აღიქვამენ თუ რა მნიშვნელობა აქვს აცრას. ამ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთი დოზით არის აცრილი“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ჯერჯერობით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი რეკომენდაციები წარადგინეს. ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელს ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, შემდეგ კი შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.

„ჩვენ თუ პირბადის გამოყენებას გავაუმჯობესებთ, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელში“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ უნდა იყოს და აუცრელებისთვის იყოს“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელთან შედარებით 563-ით ნაკლებია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 38 ადამიანი გარდაიცვალა, 2626 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში 6886 საწოლია მობილიზებული. აქედან 6219 დაკავებულია. პედიატრიულ განყოფილებებში მძიმე პაციენტები არ არიან. საწოლების რაოდენობა კი საკმარისია.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend