ლიეტუვას სოფელ ვერენიეჟაიში მდებარე სკოლაში ასობით ადამიანი დევნილთა ბანაკში ცხოვრობს. მიგრანტები აქ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბელარუსის გავლით მოხვდნენ.
„ჩვენ ბაღდადიდან ჩამოვედით. მინსკში ვიღაცას 1400 დოლარი გადავუხადე, რომ საზღვრის ახლოს ტყეში წავეყვანე. მათ მაჩვენეს გზა. მითხრეს, ამ მიმართულებით წადიო და მეც წავედი“, – ყვება მუსტაფა ჰუსეინ ჰანადი, ერაყელი მიგრანტი.
საზღვრის გადაკვეთის დროს მიგრანტები ხშირად თავიანთ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ.
„ბაღდადიდან მინსკში თვითმფრინავით ჩავფრინდი. სასტუმროში დავრჩი და შემდეგ საზღვრისკენ წავედი. იქ 1500 დოლარად წამიყვანეს. ტყეში ჭაობი დამხვდა, წყალი მაღალზე იყო, თუმცა სიარული მაინც გავაგრძელეთ. გზაში ველური ცხოველები შეგვხვდნენ. მეგონა, ტყეში დავიხოცებოდით. თუმცა, ღმერთის წყალობით, გადავრჩით და ახლა აქ ვართ“, – ამბობს ჰაიდარ ალ-გარავგი ერაყელი მიგრანტი.
ივნისში ლიეტუვის საზღვრის გადაკვეთის უკანონო შემთხვევების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ბელარუსისა და ევროკავშირის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბელარუსის მთავრობა მიგრანტებს ევროკავშირზე წნეხის გასაზრდელად იყენებს.
„ამ ხალხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ლუკაშენკოსა და პუტინს არ ადარდებთ ერაყელი თუ აფრიკელი მიგრანტები. ისინი დევნილების თემას ევროკავშირის წინააღმდეგ იყენებენ“, – აცხადებს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე
მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაიაა, რომელიც ლიეტუვაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება.
„ეს არის ლუკაშენკოს რეჟიმის შურისძიება. იგი ცდილობს, დასაჯოს ლიეტუვა და ევროკავშირი, რადგან ისინი ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარებიან“, – ამბობს ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია.
ცოტა ხნის წინ ლიეტუვის უწყებებმა ბელარუსის საზღვარზე ეკლიანი მავთულებით ღობის გავლება დაიწყეს. მიგრანტების მისაღებად ლიეტუველებმა ახალი თავშესაფრებიც ააგეს.