26 წელი ტრაგედიიდან

სრებრენიცას ტრაგედიისას 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

წლების განმავლობაში დუმილის შემდეგ, დევლა აისიჩმა მის მიერ გადატანილ ძალადობაზე საუბარი გადაწყვიტა.

მასზე 20 წლის წინ, სრებრენიცას მოვლენებისას სექსუალურად იძალადეს.

„მე 26 წლის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით არ მისაუბრია. მე სიჩუმეში ვიტანჯებოდი. მე არავინ მყავდა გვერდით, რომ ჩემი ტკივილი გამეზიარებინა. აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ მე ხმა უნდა ამომეღო. მეტის ატანა შეუძლებელი იყო. მათ მე საშინელება გამიკეთეს. მაგიდასთან დამაბეს, ჩემი კისერი, მკერდი სულ დალურჯებული იყო, სულ გამაშიშვლეს. მომხდართან დაკავშირებით საუბარი რთულია. მე შოკირებული ვიყავი. 3 დღის განმავლობაში მაწამებდნენ “, – იხსენებს სრებრენიცას მოვლენებისას დაზარალებული დევლა აისიჩი.

ამ საშინელი მოვლენისას დევლა 21 წლის იყო და სამი თვის ორსული. მისი ქმარი კი, როგორც 8 ათასზე მეტი სხვა მუსლიმი, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე სისხლიან გენოციდში დახვრიტეს.

როდესაც სერბულმა შეიარაღებულმა ძალებმა სრებრენიცა დაიკავეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პატარა ქალაქი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო ზონად გამოაცხადა.

ქალაქში 30 ათასამდე დევნილი იყო თავმოყრილი. დაპირების მიუხედავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები უსუსურად შეჰყურებდნენ თუ როგორ შეკრიბეს სერბმა ჯარისკაცებმა 2 ათასამდე მამაკაცი დასახვრეტად, ქალებზე კი იძალადეს.

ბევრი ცოლი, დედა და ქალიშვილი, წლების განმავლობაში მათ წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ ძალადობაზე დუმდნენ.

დღემდე დამატებით 6 ათასი ადამიანის ნეშთი არის აღმოჩენილი სრებრენიცას მინდვრებში. 19 მათგანს 18 ივლისს მიაბარებენ მიწას.

სრებრენიცას სახელობის ცენტრის დირექტორის, ემირ სულჯაგიჩის თქმით, სრებრენიცას მოვლენებში მონაწილე დამნაშავე ადამიანები დღეს ცოცხლები არიან, ომის დროს მოქმედი პოლიტიკოსები კი დღემდე აქტიურად არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართულნი.

სრებრენიცას მოვლენებისას დაზარალებული ბოსნიელი მუსლიმი ქალების მიერ მიცემულმა ჩვენებებმა დიდი როლი ითამაშა სასამართლო პროცესებისას დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის საქმეში.

დევლას სრებრენიცას ქუჩებში სიარულის დღემდე ეშინია. ამ ქალაქში მასობრივი ძალადობისა და მკვლელობის მსხვერპლნი და უარმყოფელები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend